ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს არავითარი ვიზიტები – მოლდოვის პოლიტიკური წარმომადგენლები ჩადიან რუსეთში – აბსოლუტურად ცხადია ორმაგი სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცოტა ხნის წინ მოლდოვის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე ჩავიდა პეტერბურგში და აწარმოა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, თუმცა არც ერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
„ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინას არ ვთვლი, ახლა შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები. ვიზიტებიც კი არ გვაქვს არავითარი. არავითარი პოლიტიკური ვიზიტი არ განხორციელებულა 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში და არც იქიდან აქეთ. მოლდოვის პოლიტიკური წარმომადგენლები ჩადიან რუსეთში. ცოტა ხნის წინ ჩავიდა მინისტრის მოადგილე პეტერბურგში და აწარმოა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. დსთ-ს წევრია მოლდოვა. ინაუგურაციაზე ატეხეს დიდი ამბავი. როგორ შეიძლებოდა ინაუგურაციაზე დასწრება. ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები აცხადებდნენ რომ ამის გამო წამოვიდა ნეგატიური განწყობა ამერიკიდან და ევროპიდან. ჩვენთან ერთად რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ინაუგურაციას. თქვენ ერთი კრიტიკული განცხადება გახსოვთ რომელიმე მათგანთან დაკავშირებით? ჩვენი უშუალო სამეზობლო რომ ავიღოთ – აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ვინმემ გააკრიტიკა მათი უმაღლესი წარმომადგენლების ჩასვლა ირანში ინაუგურაციაზე და მანამდე პრეზიდენტის დაკრძალვაზე? არავითარი კრიტიკა. აბსოლუტურად ცხადია ორმაგი სტანდარტები, რასაც ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
