„რეგიონებში სარემონტო მასალებზე მოთხოვნა იზრდება“ – რა სიახლეები აქვს „დიოს“?

„დიოს“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონებში სარემონტო მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. BMG tv -ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ რუბრიკა “TBC & პარტნიორებში” თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ კომპანიის პორტფოლიოში 80 დასახელების პროდუქტია და ამის დიდ ნაწილს საქართველოში 3 მოქმედ ქარხანაში აწარმოებენ.
„რეგიონებში მოთხოვნა იზრდება. მაგალითად ქუთაისში მოთხოვნა მინელებული იყო და ახლა გააქტიურდა, ჩვენი დაკვეთების დაახლოებით 60% ფიზიკური პირები არიან, თუმცა ჩვენ ასევე პროექტულ დაკვეთებზე ვმუშაობთ და სტუმარმაპინძლობის სექტორს, საავადმყოფოებს ვემსახურებით, ავტობიზნესი ვითარდება და მათ შოურუმებს ვაწყობთ, სკოლებს ვემსახურებით და პრაქტიკულად ყველა სექტორისთვის შესაბამისი პროდუქტი გვაქვს“, – აცხადებს „დიოს“ მმართველი პარტნიორი.
თამაზ დაუშვილი კომპანიის „ ბანკთან“ წარმატებულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც 16 წელს ითვლის და ამბობს, რომ წლების განმავლობაში სწორედ „თიბისის“ საბანკო პროდუქტების დახმარებით ავითარებდნენ ბიზნესს.
„Dio-ს ბრენდის ქვეშ დაახლოებით 80 დასახელების პროდუქტი ფიქსირდება, საიდანაც ნაწილი ადგილობრივი წარმოების, ნაწილი კი იმპორტირებულია. ბაზარზე მოთხოვნა მზარდია და დომინანტი ამ შემთხვევაში სამშენებლო მასალები და შემინვის სისტემებია. ჩვენ გვაქვს სიახლეები – კარ-ფანჯრების შემინვის სტანდარტული სისტემები ავტომატიზებულ შემინვაზე გადაგვაქვს, რომელიც ძალიან დიდი აივნების და სივრცეების შესამინად გამოიყენება.
გაყიდვების კუთხით ჩვენ ძალიან მძლავრად ვართ წარმოდგენილი მზისგან დამცავ სისტემებში. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მზისგან დაცვა მხოლოდ შიგნიდან უნდა მოხდეს, არადა თანამედროვე მიდგომა ასეთია, რომ მზისგან დაცვა გარედან უნდა მოხდეს, რადგან ელექტროენერგიის დაზოგვა გაგრილებაზე, 10-ჯერ უფრო ეფექტურია როცა ჩვენ შენობას გარედან დავიცავთ და არა შიგნიდან. მომავალში ელექტროენერგიის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რომ ჭკვიანი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ, როგორც ენერგოდამზოგი“, – აცხადებს თამაზ დაუშვილი.