სხეულის 65 პროცენტი აქვს დამწვარი კაცს, რომელმაც თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ნუკრი ნოდიამ, მოძრაობის, „აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელმა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა მომხდარს მაინც აფხაზეთიდან დევნილების მიმართ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკას უკავშირებს.
„ამ ფაქტს უსწრებდა შელაპარაკება და შემდეგ ამ კაცმა თავის დაწვა სცადა. ბევრი კითხვა არსებობს, რამდენად სწორად მუშაობს ბინების გადანაწილების პროგრამა“, – ამბობს ნუკრი ნოდია.
კაცი დამწვრობითი შოკით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
„სხეულის 65% აქვს დამწვარი, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები. სავარაუდოდ, დამწვრობა მიიღო ბენზინის აალების შედეგად“, – უთხრა პაციენტის მდგომარეობის შესახებ რადიო თავისუფლებას ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ვიდეოკადრები, რომლებიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს, დევნილთა სააგენტოს გვერდით მდებარე შენობიდან არის გადაღებული. კადრებში ჩანს შესასვლელი მოქალაქეთა მისაღებში. ვიდეოს დასაწყისში კაცს ცეცხლი უკვე წაკიდებული აქვს და, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას ჯერ წყლით, შემდეგ კი ცეცხლმაქრით ცდილობენ.
„ითხოვდა ლაპარაკს. ვინმესთან შეხვედრას“, – ისმის ვიდეოკადრში, სავარაუდოდ, მისი გადამღების ხმა.
ჯანდაცვის სამინისტროს „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ კაცი დასთან ერთად მივიდა. სააგენტოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ის „არ შემოსულა შენობაში, არანაირი მომსახურება არ მოუთხოვია, არც წერილი არ დაუწერია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
