ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, „ქართული ოცნების“პროპაგანდისტები ჯერ იმას „ატენიდნენ“ ხალხს, რომ აფხაზეთის ომი რუსეთს თურმე ამერიკამ დააწყებინა, ახლა ამბობენ, რომ ამერიკას არ აწყობს, რომ საქართველომ აფხაზეთი დაიბრუნოს. რას ემსახურება ეს აბსურდი? მარტო ანტიამერიკული პროპაგანდაა თუ სხვა მიზანიც აქვთ?
–ჩვენ ქვეყანაში ძალიან მძლავრი „მეხუთე კოლონა“გვყავს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყოფნას. დღეს რუსეთს სამხედრო ძალა უკრაინაში ჰყავს კონცენტრირებული და საიმისო რესურსი არ გააჩნია, რომ ძალით დამკვიდრდეს სამხრეთ კავკასიაში. რუსეთი სხვა და სხვა პროექტებს ანხორციელებს, რომ რეგიონში გავლენა შეინარჩუნოს. ერთ-ერთი არის პროპაგანდა. მალე მოვა დრო და რუსეთი გავა საქართველოდან. მანამდე ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი ნახოს იმ გავლენიდან, რაც აქ გააჩნია. ახლახან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მაცხოვრებლებს გაუმარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება.ამ ტერიტორიების ინტეგრაციის სწრაფი ტემპით მიღწევა უნდა. მოდი, ლიგიკურად ვიმსჯელოთ. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა, რომ ოსების მიმართ ბოდიშის მოხდა მის საარჩევნი კამპანიას რომ დააზარალებდა? იცოდა, მაგრამ რუსეთიდან ჰქონდა დავალებული, რომ რუსეთისთვის მიეცა რაც შეიძლება ბევრი არგუმენტი, რომ ამ ტეროტორიების ანექსია რუსეთის მიერ, მნიშვნელოვან ფაქტორზეა დაფუძნებული. ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსეთი უკრაინასთან მიმართებაშიც კი ცდილობს, რომ გამოჩნდეს არა როგორც ცალსახა ოკუპანტი, არამედ გარჩევებში შევიდეს და მსოფლიოსთან დიდი უფსკრული არ ჰქონდეს, დისკუსიაში ჩაითრიოს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, რაღაც დათმოს, არ დათმოს, მაგრამ გაცილებით უკეთესი პოზიციაა, რომ როგორც მხოლოდ ოკუპანტს, ისე არ ელაპარაკებიან. საქართველოს მიმართაც სურდა ეს არგუმენტები გაჩენილიყო, რომ ქართველებმა ცხინვალის რეგიონში დაიწყეს ომი, ქართველები არიან დამნაშავენი, გენოციდს უწყობდნენ ოსებს და რუსებმა გადაარჩინეს. იმავეს ამბობენ აფხაზეთთან დაკავშირებითაც და რაც მეტი ქართველი იტყვის მსგავს სისულელეს, მით უკეთესი რუსეთისთვის. მათი ნათქვამის გამოყენებას საერთაშორისო მასშტბით შეეცდებიან, საგარეო და საშინაო პროპაგანდისთვის თავისთავად. რამხელა რეგვენი უნდა იყო ადამიანი, თქვას, რომ აფხაზეთში რუსეთს ამერიკამ დააწყებინა ომიო. თუმცა, ამ აბსურდს, სისულელესაც ჰყიდიან რუსი პროპაგანდისტები და რუსეთში კი არა, ზოგს საქართველოშიც კი სჯერა. აქედან გამომდინარე, რაც თქვენ თქვით, რუსული პროპაგანდის შენაძენია.
– ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, აქტიურად მიდის ამერიკის დამცრობა, ამერიკელი პოლიტიკოსების შეურაცხყოფა. აგერ ელჩიც კი წავიდა პენსიაში და ზოგიერთი ხუმრობდა, დანიგანიც კობახიძემ მოხსნაო… თქვენ კარგად იცით, თავდაცვის კუთხით რამდენი რამ გაუკეთა ამერიკამ საქართველოს. იქნებ ზოგიერთი რამ გაიხსენოთ? და ისიც, რუსეთი რას აკეთებდა ამის პარალელურად?
– რუსეთი რასაც აკეთებდა, ყველამ კარგად ვიცით. აფხაზეთი ომით წაგვართვა დროებით. ამ ომში დაიხოცნენ ქართველი სამხედროები, პოლიციელები, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა, 300 000 ადამიანი გახდა დევნილი. ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე, რადგან ეს ადამიანები მოწყვიტეს თავიან კერას და ნაცვლად იმისა, რომ განვითარებზე ეფიქრათ და ჩვენი მოქალაქეების განვითარება ქვეყნის წინსვლა იქნებოდა მრავალი მიმართულებით, თავის გადასარჩენად, თავშესაფრისა და ლუკმა-პურის საშოვნელად გაუხადეს საქმე. მოკლედ, ასეულობით ათასი ადამიანის ენერგია, ცოდნა, გამოცდილება სხვა მიმართულებით წავიდა. იგივე მოხდა „სამხრეთ ოსეთშიც“ და ეს მიზამნიმართულად გააკეთა რუსეთმა. ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და არ უნდა ვაპატიოთ რუსეთს. საქართველო რუსეთისთვის უნდა იყოს გაუვალი სივრცე. რაც შეეხება ამერიკას. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ დილა-საღამოს ხოტბას უნდა ვასხამდეთ ამერიკას. პრაგმატულად უნდა შევაფასოთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რაც გაკეთდა. ამერიკას დიდი წვილი აქვს შეტანილი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. ჯერ კიდევ 1999 წელს გაკეთდა შეფასების დოკუმენტი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას. ჩვენ მაშინ უარი ვთქვით საბჭოური ყაიდის ჯარზე და დავიწყეთ პროფესიული არმიის ჩამოყალიბება. შემდეგ იყო „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, როდესაც პირველი პროფესიული ბატალიონი გაჩნდა შეიარაღებულ ძალებში. იყო სხვა მნიშვნელოვანი დახმარებები. ბოლო დიდი პროექტი გახლდათ „შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა“. 5 წელი მიმდინარეობდა ეს პროგრამა და მის ფარგლებში ათეულობით ბატალიონი გადიოდა წვრთნას ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით და ამერიკული სტანდარტების დონეზე აიყვანეს ქართული ბატალიონები. ეს ხდებოდა საქართველო-ნატოს ცენტრში და იქ მომუშავე ქართველმა ოფიცრებმაც დიდი გამოცდილება მიიღეს.ეს კი იმას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ნება იქნება, ქართველი ჯარისკაცების გადამზადება ამერიკული სტანდარტების დონეზე, უკვე ამ ოფიცრებს შეეძლებათ ამერიკელი ინსტრუქტორების გარეშე. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი კონტრიბუციაც, ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ვგულისხმობ, ერაყისა და ავღანეთის მისიებში ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობას. კი, ეს ერთის მხრივ ამერიკის დახმარება იყო, მაგრამ ზოგმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა 2-3 მისიაში მიიღო მონაწილეობა და ცხადია,ეს მათ მომზადებას, სრულყოფას, გამოცდილებას დიდად წაადგა. ასევე, ამერიკის ინიციატივით, საქართველოში ჩამოდიოდნენ ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, ჩამოჰქონდათ აქ ტექნიკა და მიმდინარეობდა ერთობლივი წევრთნები ნატოს ჯარებთან თავსებადობის, ნატოს სტანდარტების დონემდე ჩვენი შეიარაღებული ძალების აყვანის მიზნით.ასევე, ქართველი ოფიცრების 90% -მა განათლება მიიღო ამერიკულ სამხედრო აკადემიებში და ეს მთლიანად ამერიკამ დააფინანსა.
– ჩვენ და ამერიკა ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები, რომელიც ამერიკამ ცალმხრივად შეაჩერა. ამერიკასთან ძველებური ურთიერეთობის რა შანსი არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელში, თორემ ეგ რომ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, მაშინ ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდება.
-ბიძინა ივანიშვილის ხელში ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის შანსი არ არსებობს. ჩვენ ახლა სხვა ბანაკში ვართ, ჩვენ ვართ ამერიკისა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო და ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით არაერთხელ დაადასტურეს. ჩვენ ვართ რუსეთის ბანაკში და ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ საბოლოოდ გავხდეთ რუსეთის ვასალი ქვეყანა, ყველაფრით რუსეთზე დამოკიდებული. ეს ქვეყანა თავის მოსახლეობიანად არის დასავლეთთან დაპირისპირებული, დასავლეთის მტრული ბანაკის წევრი, სადაც შედიან რუსეთი, ირანი, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები.
–თან ამერიკის კონგრესმა „მეგობარ აქტს“ სახელი გადაარქვა და დაარქვა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენების შეკავების აქტი საქართველოს ტერიტორიაზე“. მეტი რაღა უნდა გქნან, რომ გაიგონ „ხელისუფლებაში“, რომ ამერიკა საკუთარი მტერი სახელმწიფოების პოტენციურ პარტნიორად თვლის ივანიშვილის რეჟიმს და არა ამერიკის შესაძლო მეგობრად, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ „ხელისუფლების წარმომადგენლები“ და მათი ექსპერტები?
-როგორც არ უნდა წარმოაჩინონ, მაინც არ დაიმალება სიმართლე. რა თქმა უნდა, არანაირი მეგობრული აქტი ეს არ არის, ეს არის აქტი მტრული სახელმწიფოს წინაშე და ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განყობილი სახელმწიფო.მთავრობა კი არა და „ქართული ოცნება“ კი არ არის მტრული, ქართული სახელმწიფო თავისი მოსახლეობიანად არის ამერიკის მტერი. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. საქართველო ანტიდასავლური პროპაგანდიდან დიდი ხანია გადავიდა ანტიდასავლური პოლიტიკის განხორციელებაზე. მოგვწონს თუ არა, ყველა მოქალაქე ამ პოლიტიკის მონაწილენი ვართ, ვეთანხმებით თუ არა ამას. ქუჩაში რომ პროტესტია რუსეთის, საქართველოში რუსული მმართველობის წინააღმდეგ, ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, გაუმჯობესების მომხრე რომ არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არ არის გადამწყვეტი, რადგან სახელმწიფო პოლიტიკას ანხორციელებს არსებული ხელისუფლება და ამას ყველა ჩვენგანის სახელით აკეთებს. თითოეული მოქალაქის პოზიციას ამერიკაში ცალ-ცალკე ვერ განიხილავენ, ასეა პოლიტიკაში. ერთი საგულისხმო მომენტიც არის. დავუშვათ და რუსეთმა გაიტანა თავისი და აქცია საქართველო სატელიტ ქვეყნად, განათავსა აქ სამხედრო ბაზები. დღეს მსოფლიოში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, რუსეთთან ნატოს ლამის ყველა წევრი ქვეყანაა დაპირისპირებული. დღეს და ხვალ არა, მაგრამ ახლო მომავალში გამორიცხული არ არის, რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ერთი სამხედრო მოქმედება რომ განახორციელოს ნატოს წინააღმდეგ, ნატო საქართველში არსებულ რუსულ ბაზებს დაარტყამს და ჩავერთვებით ომში. ეს არ უნდა იფიქრონ იმ ხალხმა, ვინც საქართველოს რუსეთისკენ მიათრევს? თუმცა, ასე შორს ეგენი ვერ იყურებიან, დღევანდელი დღის გარდა, არაფერი აინტერესებთ.
-,გამოდის, პოტენციურად ნატოს სამიზნედ შეიძლება ვიქცეთ?
– გამოდის კი არა, ასეა. ჩვენ არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება მომავალში, მაგრამ ნატო-რუსეთის საპირისპირება რომ დღითი–დღე იზრდება, ეს ფაქტია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვითომ მშვიდობას ქადაგებენ, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ეძახიან „ომის პარტიის წევრებს“ და რეალურად, თავად არიან ომის პარტის წარმომადგენლები, თავად უბიძგებენ ქვეყანას ომისკენ…
– ბატონო გიორგი, გამოსავალი სად და რაში არის?.
–ეს ხელისუფლება აუცილებლად დასრულდება და ამას ქართველი ხალხი გააკეთებს. კი, ძველებურად ხალხმრავალი აქციები არ არის, მაგრამ როცა საჭირო იქნება, გამოვა ხალხი გარეთ. ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქციების მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად შევქმენით ორგანიზაცია „ერთობა“, რომელიც კოორდინაციას გაუწევს აქციებს და სხვა საკითხებს, პროცესების მართვა ავიღეთ საკუთარ თავზე. არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თუ პარტიის წევრი არ არის „ერთობაში“, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ამ დღეში ჩაგდებაში, მათაც მიუძვით ბრალი, ზოგს მეტი და ზოგს– ნაკლები. 10 000 კაციანი აქციით ხელისუფლებას ვერ შესცვლი, 100 000 და მეტია საჭირო. კი, ამდენი ადამიანი რამდენჯერმე გამოვიდა, მაგრამ მაშინ არ იყო ორგანიზებულობა, აქციები უმართავი იყო და პასუხისმგებლობას არავინ იღებდა საკუთარ თავზე. ახლა „ერთობა“ გააკეთებს ამას. წულუკიანის კომისია რად გინდათ, ისე არ იჭრდნენ ხალხს? რამდენი უდანაშაულოა ციხეში. რეპრესიები იქნება, მაგრამ მას ხალხმრავალი აქციები და უტეხი პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, საქართველოს რუსეთს არ ჩავუგდებთ ხელში.