რა ჯდება ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და რამდენია ამონაგები? – SavvY-ის კვლევა

ქართულმა საკონსულტაციო კომპანია SavvY-მ ლურჯი მოცვის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, მოცვი ერთ ჰექტარზე, ბევრ სხვა აგროკულტურასთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალ შემოსავალს გვაძლევს, ამას დამატებული სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამები კი ამ სფეროში საქართველოში ინვესტირებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
როგორც SavvY-ის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, 2023 წელს საქართველოდან $20 მლნ-ის ღირებულების, 3 300 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს კი ამ მაჩვენებლების გაორმაგებაა ნავარაუდები.
ქოიავა ასევე განმარტავს, რომ ლურჯი მოცვის საექსპორტო ღირებულება, გასულ წელს, საშუალოდ, $6.10 იყო და ამ ტენდენციის კლება მომდევნო წლებში ნავარაუდები არ არის.
სწორედ ამიტომ, საინტერესოა, როგორია მოცვის ექსპორტის ბიზნესმოდელი და რა ჯდება ამ მარცვლოვანი კულტურის გაშენება. ქოიავას განმარტებით, 1 ჰა-ზე ბაღის გაშენება, საშუალოდ, მინიმუმ $50 ათასის ინვესტიციას მოითხოვს, უკუგება კი დოლარზე 70%-ია.
“გაშენებული ბაღების დეტალური ფინანსური ანალიზით ვხედავთ, რომ ბაღის გაშენება 1 ჰექტარზე, საშუალოდ, $50 ათასი ჯდება, რაც საკმაოდ მაღალი ფინანსური მაჩვენებელია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოცვს სამი წელი სჭირდება იმისთვის, რომ სრულ მსხმოიარობამდე მივიდეს.
დამატებით საჭიროა საბრუნავი კაპიტალი, რომ მოცვის ბაღი მივიყვანოთ ისეთ კონდიციამდე, რომელშიც ის ნაყოფს მოგვცემს. თუ ვიტყვით, რომ 1 ჰექტარზე 10-12 ტონის ფარგლებში ვვარაუდობთ მოსავალს (რაც, შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს) და კილოგრამზე $4-ს გავთვლით, რაც საშუალოზე დაბალი ღირებულებაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც კაპიტალზე უკუგებას, სტაბილიზებულ ბაღში ჩადებულ 1 დოლარზე, ყოველ წელს 70%-ს მოგვცემს”, – აღნიშნავს მარიამ ქოიავა.
SavvY-ს მმართველი პარტნიორი ასევე იმ ორ ფაქტორს გამოყოფს, რის გამოც ლურჯი მოცვის სექტორში ინვესტირება მიმზიდველია, მათ შორის, ქართველი ინვესტორებისთვისაც.
“პირველ რიგში, კულტურა და ბიზნესმოდელია მოგებიანი. ხშირად მეკითხებიან, რამე “ჰაიპი” ხომ არ არის, რამდენიმე წელიწადში რომ შემცირდეს მოთხოვნა, რაც არ მოხდება და პირიქით, 2050 წლამდე ამ დრომდე გაშენებული ბაღის ფართობი უნდა გაორმაგდეს იმისთვის, რომ არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ასევე, საქართველოში სამი ინსტრუმენტია, რომელსაც მოცვის სექტორში მყოფი ინვესტორი დაფინანსებისთვის იყენებს: საკუთარი კაპიტალი, გრანტის კომპონენტი – ჰექტარზე ₾15 000 და შეღავათიანი აგროკრედიტი სახელმწიფოსგან – და ბანკის სესხი. შესაბამისად, რომ გავამარტივოთ, თუ ბაღის გასაშენებლად მჭირდება 100 ლარი, 30-35 ლარის ფლობის შემთხვევაში, დანარჩენის დაფინანსება შემიძლია მოვიპოვო”, – განმარტავს მარიამ ქოიავა.
რატომ არის ლურჯი მოცვის სექტორი საინვესტიციოდ მიმზიდველი? – მარიამ ქოიავას განმარტება