„რა ხარისხი, რა პიზა… საბჭოთა კავშირია, გამოყოფილი თანხა უნდა დაიხარჯოს, გეგმა უნდა შესრულდეს!“ – ბესო ნამჩავაძე

„რა ხარისხი, რა პიზა, რა წაკითხულიდან აზრის გამოტანა…. საბჭოთა კავშირია, გამოყოფილი თანხა უნდა დაიხარჯოს, გეგმა უნდა შესრულდეს!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ ტექსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ არანაირ კონკრეტულ ვალდებულებას არ იღებს მთავრობა, რომ განათლების ხარისხი გაიზრდება, განათლების სისტემისა და სკოლების დაფინანსება კი იზრდება. „2018 წელს პიზას კვლევით უკეთესი შედეგები გვქონდა, ვიდრე 2022 წელს. 2018 წელს მთავრობამ სასკოლო განათლებაში დახარჯა 700 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს თითქმის 2-ჯერ მეტი – 1.2 მილიარდი ლარი“, – წერს ბესო ნამჩავაძე.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სანამ გაახალგაზრდავების ახალი აპლიკაცია გამოჩნდება ან ბაბი გადაიფრენს, ვეცდები, მოვასწრო და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რატომ ვართ სასკოლო განათლებაში თითქმის ფსკერზე.
საქართველოს მთავრობას აქვს პროგრამული ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დაყოფილია პროგრამებად და თითოეული პროგრამის მიზანი კონკრეტული მიზნის მიღწევა, პრობლემების მოგვარება უნდა იყოს მათ შორის არის სასკოლო განათლების პროგრამაც, რომელზეც 2024 წელს გამოყოფილია 1.6 მილიარდი ლარი პროგრამას აღწერაში და მიზანში კი უწერია სადღეგრძელო – „ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, მაგრამ არანაირ კონკრეტულ ვალდებულებას არ იღებს მთავრობა, რომ განათლების ხარისხი გაიზრდება. სამი საბოლოო შედეგი (კონკრეტული ვალდებულება) აქვს დასახული: კომპიუტერებით აღჭურვილი სკოლების რაოდენობის ზრდა, მასწავლებლების ხელფასების ზრდა და ეროვნულ/საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილე მოსწავლეების ხარჯების სრული დაფარვა პროგრამის მიზნები შეუძლიათ 4 წელზე გაწერონ, მაგრამ არანაირ ვალდებულებას არ იღებენ, რომ თუნდაც 4 წლის მერე უკეთესი განათლების ხარისხი გვექნება სკოლებში. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხარჯი ყოველ წელს გაიზრდება და 2027 წელს 2.1 მილიარდი ლარი იქნება პროგრამა შედგება ქვეპროგრამებისგან. ჯამურად გამოყოფილი 1.6 მილიარდი ლარიდან 1.3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს სკოლების პირდაპირი დაფინანსების ქვეპროგრამაზე (დანარჩენი თანხა იხარჯება კომპიუტერებზე, წიგნებზე, ტრანსპორტზე, მანდატურზე და ა.შ.).
ამ 1.3 მილიარდ ლარიანი ქვეპროგრამას მიზნად აქვს უბრალოდ სკოლების დაფინანსება, მეტი არაფერი. შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება და გავიმეორებ, უბრალოდ სკოლას ფულს ჩავურიცხავთ, რაც ეკუთვნის იმდენსო, მორჩა, ესაა მიზანი!
რა ხარისხი, რა პიზა, რა წაკითხულიდან აზრის გამოტანა…. საბჭოთა კავშირია, გამოყოფილი თანხა უნდა დაიხარჯოს, გეგმა უნდა შესრულდეს!
თუ მიზნად დაისახავენ განათლების ხარისხის ამაღლებას, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ამას გააკეთებენ, მაგრამ მიზნადაც არ აქვთ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც კი არ იღებენ.
2018 წელს პიზას კვლევით გვქონდა უკეთესი შედეგები, ვიდრე 2022 წელს. 2018 წელს მთავრობამ სასკოლო განათლებაში დახარჯა 700 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს თითქმის 2-ჯერ მეტი – 1.2 მილიარდი ლარი. ეს განათლების იმ „ექსპერტების“ გასაგონად, პრობლემის შინაარსში რომ ვერ ერკვევიან და მხოლოდ დაფინანსების ზრდა ჰგონიათ საშველი“, – წერს სოციალურ ქსელში ბესო ნამჩავაძე.

ასევე დაგაინტერესებთ