რა ცვლილებები ამოქმედდება საქართველოში 1-ლი ივლისიდან

2024 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება. მათ შორის იცვლება სკოლებში სახელფასო პოლიტიკა, უქმდება ძველი პირადობების მოწმობები, ექსვჯერ გადავადების შემდეგ ნაწილობრივ გაიხსნება ენერგეტიკული ბირჟა და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა შეეკრიბა ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ამოქმედებაც რამდენიმე დღეში, 1-ელ ივლისს იგეგმება.
1-ელი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება
1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება.
კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.
ამასთან, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას.
1-ლი ივლისიდან შეიცვლება მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა
1-ლი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა. მანამდე, პრემიერ მინისტრმა განმარტა, რომ პედაგოგებს ანაზრაურება სულ მცირე, 250 ლარით, მაქსიმუმ კი 800 ლარზე მეტით გაეზრდებათ.
სამინისტროს დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ პედაგოგის სახელფასო სარგოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი განათლება და კვალიფიკაცია იქნება. გარდა ამისა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დამოკიდებულია სამუშაო შტაჟზე.
რაც შეეხება მასწავლებლის ხელფასს, ჩატარებული საგაკვეთილო საათების მიხედვით, კვირაში 96 ლარიდან 2 325 ლარამდე მერყეობს. კერძოდ:
1 საათი – 96 ლარი, 2 საათი – 192 და ა.შ. აღნიშნული გაანგარიშება, კვირაში საგაკეთილო 25 საათი 2 350-ლარიან ანაზღაურებას გულისხმობს.
დადგენილების მიხედვით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.
1-ლი ივლისიდან უქმდება ძველი პირადობის მოწმობები
2024 წლის 1-ლი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნული აქციით 105 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
კულტურული მემკვიდრეობის ზონებში სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმისგან თავისუფლდება
ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილება გულისხმობდა, კანონმდებლობაში არსებული ნორმის შეცვლას. კერძოდ, მოქმედი კანონი ითვალისწინებდა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმების გახუთმაგებას და ზოგ შემთხვევაში გაათმაგებას. მათ შორის, არსებობს ნორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე 200-ათას ლარიანი ჯარიმის შესაძლებლობას აწესებს.
ცვლილების ავტორების შეფასებით კი, ბევრი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როდესაც 10 კვადრატულამდე ფართზე, სადაც უკანონოდ ან ნებართვის გარეშე არის მშენებლობა განხორციელებული, მესაკუთრეებს უწევთ აღნიშნული თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირველ ეტაპზე მოქალაქეებს მიეცემათ გაფრთხილება, 90-დღიანი ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის და არ მოხდეს მათი მაშინვე დაჯარიმება. გამოსწორების შემთხვევაში კი მოქალაქეები აღარ დაჯარიმდებიან.
ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებით, 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, მსგავსი დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის მოხდება ამნისტირება და ჯარიმების ანულირება.
1-ლი ივლისიდან მოქალაქეები გარკვეული შემთხვევებში დამტკიცებულ სესხზე უარის თქმას შეძლებენ
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობებზე.
ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
ამასთან, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, მათ შორის, მომხმარებელთან გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
1-ლი ივლისიდან მეზღვაურებს გარკვეული სამუშაოების შესრულება აეკრძალებათ
მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა. როგორც მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, ამ წესების დაცვა სავალდებულო 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გახდება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება; ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება; გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება; სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება; არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა; ღამის ცვლაში ვახტის გაწევა; ელექტრომოწყობილობების მომსახურება; პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა; კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება; გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.
2024 წლის 1-ლი ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება
მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.
აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში.
რეგლამენტი მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვალს მიიღო, ხოლო მისი ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება.
რაც შეეხება უცხოეთს, 1-ლი ივლისიდან ასევე რამდენიმე ცვლილება არის დაგეგმილი, რამაც შესაძლოა, ირიბი გავლენა საქართველოზეც იქონიეს. ამ ცვლილებების შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ წინა დღეებში ვრცლად წერდა, ახლა კი მოკლედ შეგახსენებთ თუ რა, სად იცვლება და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე.
ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვას ივლისიდან გააგრძელებს
რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას 1-ლი ივლისიდან ისევ აამოქმედებს და ის ძალაში 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება. ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის კვლავ ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე.
მანვე განმარტა, რომ აკრძალვის გაგრძელების შემდეგ, ბენზინზე ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნება. იაკობიძის თქმით, იმპორტიორები საწვავს ევროპის ბაზრებიდან შემოიტანენ, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას.
შეგახსენებთ, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რათა საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო. რუსეთმა აკრძალვა მეორედ 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა. განკარგულების თანახმად, აკრძალვა ძალაში 6 თვით უნდა ყოფილიყო, თუმცა 20 მაისს კვლავ მოხსნა შეზღუდვა და 1-ელ ივლისამდე გააგრძელა. ბოლო დადგენილებით 1-ლი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან ბენზინის აკრძალვა კვლავ მოქმედი იქნება.
თურქეთი ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით გავლას ისევ აძვირებს
თურქეთი 1-ლი ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გემების გავლის ღირებულებას, თითქმის, 15%-ით გაზრდის და გადასახადი 5,07 დოლარი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რაც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
მისი თქმით, თუ 2022 წლამდე 10-ათასტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3 240 დოლარს იხდიდა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20 370 დოლარის გადახდა მოუწევს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, „თურქეთის ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, ტვირთების საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებზე აისახება. ეს ყოველივე კი პროდუქციის ფასების ზრდასაც გამოიწვევს“. მისივე შეფასებით, ბოსფორის და დარდანელის შემდეგ, გადაზიდვების ტარიფები შესაძლოა, შუა დერეფანშიც, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდოს.
bpn.ge