რა ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლიდან საქართველოში | ჩამონათვალი

· 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა ქვეყანაში აიკრძალება;
· ძალაში შედის სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებაც – ცვლილებების მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით;
· დედაქალაქში კი კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება;
· შემდეგი სიახლე სტომატოლოგიურ კლინიკებს ეხება – სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ფართობი უნდა შეადგენდეს, ძირითადად, სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 12 კვადრატულ მეტრს და ყოველ დამატებით სავარძელზე კი არანაკლებ 6 კვადრატულ მეტრს. დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი;
· 1-ლი იანვრიდან სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდებათ. უმცროსი ექიმი თვეში, არანაკლებ 960 ლარი უნდა ჰქონდეს ანაზღაურება, ექთნის თანაშემწეს – თვეში არანაკლებ 672 ლარი, ხოლო ბებიაქალს – თვეში, არანაკლებ 844 ლარი, სანიტარს კი – თვეში არანაკლებ 576 ლარი;
· მთავრობა 1-ლი იანვრიდან ცემენტის, კერამიკული ფილებისა და ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს;
· 1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის – ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება;
· კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება;
· იზრდება ასაკობრივი პენსიის მოცულობაც ყველა კატეგორიის პენსიონერზე – 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანი რეგიონებისთვის კი 380 ლარი იქნება;
· პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად დაფინანსდება;
· რაც შეეხება მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, მათაც ხელფასები პირველი იანვრიდან გაეზრდებათ.