“რა შუაშია Deep State ვერ გავიგე” – კობახიძე პოლოლიკაშვილს პასუხობს

“ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ეხმაურება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გაწვევას. მან თქვა, რომ “გადაწყვეტილება მიღებულია”, მაგრამ არ ისურვა დეტალების განმარტება.
მ მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ გაიწვიეს უკან პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარდგენის შემდეგ. ის ირწმუნება, რომ “კონკრეტულმა სახელმწიფოებმა” დაიწყეს საქართველოს ელჩების დაბარება და უკმაყოფილებს გამოთქვა, რომ პოლოლიკაშვილს მესამე ვადით სურდა ამ თანამდებობაზე არჩევა.
გარდა ამისა, კობახიძემ დასანანი უწოდა პოლოლიკაშვილის გამოხმაურებას. მისი თქმით, ამ განცხადებამ დაარწმუნა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო.
“გადაწყვეტილება მიღებულია [პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევაზე]. ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ Deep State-ზე იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან Deep State საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან, ერთი რამე არის საინტერესო, რომ ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა, დეტალებში შევიდე, რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორზე მეტჯერ არ ხდება ხოლმე კანდიდატების წარდგება. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. ითვლება, რომ არაა მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება წარდგენა. იყო სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი, ამ მესიჯმა მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”, – განაცხადა კობახიძემ პროსახელისუფლებო ტელეარხ “იმედზე” სტუმრობისას.
წამყვანებს მისთვის სხვა მიზეზების შესახებ არ უკითხავთ. არც დამატებითი კითხვები დაუსვამთ. მათ შორის, არც იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა დავით პოლოლიკაშვილის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების წარდგენილი კანდიდატის, შაიხა ალ-ნუვაისის მხარდაჭერა.
· პოლოლიკაშვილის თქმით, UNWTO-ს გენერალურ მდივნობაზე მისი კანდიდატურა “ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია
· „ოცნება“ UNWTO-ში პოლოლიკაშვილის ნაცვლად საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს