რა უნდა გავითვალისწინოთ, ავტომობილის დაზღვევისას – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

რა უნდა გავითვალისწინოთ, ავტომობილის დაზღვევისას, კომპანიის შერჩევისა და ხელშეკრულების დადების პროცესში. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
„სადაზღვევო სისტემა და სადაზღვევო ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ხელშეკრულებებია იმ ხელშეკრულებებს შორის, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება.
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ ნახოს სადაზღვევო პრემიის ოდენობა. (პრემიის ოდენობა – სადაზღვევო თანხა, რომელსაც ყოველთვიურად ჩვენ ვიხდით, დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში). მაგრამ, აქაც უნდა გავითვალისწინოთ, შემდეგი ფაქტორი – იმ შემთხვევაში, თუ არ ვართ კმაყოფილი სადაზღვევო კომპანიის და გვინდა ხელშეკრულება გავუწყვიტოთ მათ. გვაქვს თუ არა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის უფლება და ის გადახდილი წინასწარი სადაზღვევო პრემია, რაც ერთიანი გადახდის შემთხვევაში გადაიხადა, უბრუნდება თუ არა მას?
რას უნდა მიაქციონ ყურადღება – პირველი: პრაქტიკაში ხშირად ვხვდები, როცა მსურველები სადაზღვევო ხელშეკრულებით სარგებლობენ, ერთიანად იხდიან სადაზღვევო თანხას, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც არ არიან კმაყოფილები იმ მომსახურებით, რა მომსახურებასაც იღებენ, სურთ ხელშეკრულების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ხშირად უარს ეუბნება იმ სადაზღვევო თანხის (პრემიის) დაბრუნებაზე, რაც მსურველმა, დაზღვეულმა წინასწარ გადაიხადა.
მეორე: კარგად გაითვალისწინონ, მაგ: ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რა ბიუროკრატიული პროცედურები აქვთ გასავლელი, იმისთვის, რომ ზიანის ანაზღაურება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, დაზღვევას ყიდულობენ მსურველები, მაშინ როდესაც იგებენ რამდენია სადაზღვევო თანხა გადასახდელი, ფრენჩაიზინგი (ის დაკავებული თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არავითარ შემთხვევაში არ ანაზღაურებს) არის თუ არა და ამ ორი მოცემულობის შემდეგ ყიდულობენ სადაზღვევო პაკეტს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში ანაზღაურებენ და რა შემთხვევაში არ ანაზღაურებენ ზარალს. ერთ-ერთი მაგალითია სტიქიური უბედურების დროს. ჩვენ, სადაზღვევო აგენტი გვეუბნება, რომ ყველანაირ სტიქიურ მოვლენებს აანაზღაურებს. ეს შეიძლება იყოს წვიმა, და ა.შ. მაგრამ, ფორსმაჟორში უდევთ, რომ არ აანაზღაურებენ ზარალს, თუ მანქანა დაზიანდა სეტყვიდან გამომდინარე. ამიტომ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ, ესაა გაეცნონ და კარგად წაიკითხონ ხელშეკრულება, მათ შორის რას ითვალისწინებს და არ ითვალისწინებს ფორსმაჟორი,“- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
იურისტმა გადაცემაში მსმენელთა შეკითხვებსაც უპასუხა და სადაზღვევო შემთხვევები მაგალითების მიხედვით განიხილა.
ეზოში გაჩერებულ მანქანას, წყლით სავსე ბუშტი დაეცა, რომელიც მაღალი სართულიდან ბავშვმა გადმოაგდო. მანქანის სახურავი მთლიანად ჩაიღუნა. საპატრულოც და დაზღვევაც რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ, შეიძლებოდა თუ არა წყლით სავსე ბუშტს ჩაეღუნა სახურავი. ასეთ შემთხვევაში, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამ გააფუჭა მანქანა? ან, რამდენია მოცდის დრო, სანამ სადაზღვევო მიიღებს გადაწყვეტილებას, აანაზღაუროს თუ არა ზარალი?
„პრაქტიკაში მქონია სადაზღვევო ხელშეკრულება ისეთი, ითვალისწინებდა გარკვეული ნივთების დაცემის შედეგად დაზიანებული მანქანის ზიანის ანაზღაურებას, თუ ეს ნივთი არ იქნებოდა დაცემული არაუმეტეს მეოთხე სართულისა. მეოთხე სართულზე უფრო მაღლიდან თუ იყო ნივთი გადმოვარდნილი, ამ შემთხვევაში ზარალი არ ნაზღაურდებოდა. ამიტომ, ხელშეკრულებას უნდა გავეცნოთ და გამონაკლისებზეც ვისაუბროთ.რაც შეეხება შეკითხვას, 30 კალენდარული დღე აქვს ვადა სადაზღვევო კომპანიას, მიიღოს გადაწყვეტილება, აანაზღაურებს თუ არა ზარალს.ამ ხნის მანძილზე თუ ირკვევა, რომ სადაზღვევო კომპანიას არ სურს აანაზღაუროს ზარალი, ვურჩევ მოქალაქეებს, რომ მიმართონ სამხარაულის ექსპერტიზას. თუ ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ზარალის ანაზღაურება, მიმართონ სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურს,”- განაცხადა გვანცზ ჟორჟოლიანმა მსმენელის შეკითხვის საპასუხოდ.
რას აკეთებს ადამიანი, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა დაუდგება. როგორ იქცევა მძღოლი ამ შემთხვევაში? როგორია მოქმედების გეგმა?
„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ: ჩავაყენოთ საქმის კურსში საპატრულო პოლიცია; მეორე, ვაცნობოთ სადაზღვევო კომპანიას და არ გავამოძრაოთ ავტომობილი.ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ იმისთვის რომ არ შეაფერხონ მოძრაობა, არ შექმნან საცობი, ხდება ავტომობილის გადაადგილება. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ აქედან წარმოიშობა. ამის შემდეგ, იწყება ზარალის შეფასება. სადაზღვევო კომპანია იმოქმედებს იმ პოლისის და შეთავაზების მიხედვით, რაც მოქალაქესა და სადაზღვევო კომპანიას შორის არის გაფორმებული.თუ მოხდა ისე, რომ არ აგინაზღაურეს ის ზარალი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგა, თქვენ გაქვთ 30 დღიანი ვადა, დააფიქსიროთ პრეტენზია, რომ არ ხართ კმაყოფილი და გსურთ კიდევ ერთხელ განიხილონ საკითხი.
ამის შემდეგ, მივმართავთ საზედამხედველო სამსახურს. ასევე, ჩვენ გვყავს საქართველოში, მზღვეველთა მორიგების მიზნით, სადაზღვევო მედიაცია. მათი მომსახურებაც უფასოა. ბოლო ეტაპი, თუ ეს ყველაფერი გავიარეთ და შედეგამდე ვერ მივედით, შემდეგ სასამართლოს მივმართავთ,“- აღნიშნა იურისტმა.
გვანცა ჟორჟოლიანის განმარტებით, ყველა სადაზღვევო კომპანიას ინდივიდუალური პირობა და შეთავაზება აქვს.
„ეს არაა სტანდარტული ხელშეკრულება. მათთან შესაძლებელია მოლაპარაკება და ინდივიდუალური პირობის შექმნა. ყველაზე მთავარი: მოქალაქეები არ ენდონ მხოლოდ სადაზღვევო აგენტის მიერ მოთხრობილ ამბავს, ვინაიდან ეს ყველაფერი კარგად შეფუთულია, რათა გაიყიდოს პროდუქტი. ყველა შემთხვევაში, წინასწარ უნდა მოითხოვონ ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერონ ხელი.
მაგ: მანქანა დააზღვიეთ 500 ლარად და ეს თანხა არის სადაზღვევო პრემია ერთი წლის მანძილზე. 6 თვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ მოგწონთ აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის მომსახურება და გსურთ ხელშეკრულების შეწყვეტა. თქვენ გაქვთ იმის უფლებამოსილება, 250ლარის ოდენობის სადაზღვევო პრემია (მომდევნო 6 თვის) დაიბრუნოთ უკან. თუმცა, პრაქტიკაში ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულებაშია ჩაწერილი – თუ დაზღვეული ნაადრევად გაწყვეტს ხელშეკრულებას, მას ეს თანხა არ დაუბრუნდება.“- განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანი.
მანქანა გავკაწრე, სადაზღვევომ თანხა ჩამირიცხა, მივიყვანე გასაკეთებლად. ხელოსანმა პირველი ეტაპი გაგვატარა, ე.წ. „შპაკლი“ წაუსვა და შესაღებად მოგვიანებით დაგვიბარა, თუმცა იმავე საღამოს, იმავე კარზე, იმავე ადგილას კიდევ ერთხელ გაუსვეს ჩემს მანქანას და ახალი დაზიანება გაუჩინეს. სადაზღვევო კომპანია მეუბნება, რადგან უკვე დაზიანებულია და იგივე სივრცეზეა, იგივე კარზეა, ვერ აგინაზღაურებო. ამ შემთხვევაში რა ბერკეტი მაქვს?
იურისტის თქმით, მთავარი ბერკეტი დადებული ხელშეკრულებაა, პიროვნებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის. „სადაზღვევო კომპანიას არ აქვს იმის უფლება, რომ შეზღუდული რაოდენობით შესთავაზოს სერვისი. თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური, ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა სადაზღვევო კომპანიისთვის, ეს იმ პერიოდში მოხდა, დამატებით მოხდა თუ გაკეთებულზე ხელახლა მოხდა. სადაზღვევო კომპანიას იმდენჯერ წარმოეშობა ვალდებულება, მისი სახელშეკრულებო და სავალდებულო ნაწილიდან გამომდინარე, რამდენჯერაც შემთხვევა ფიქსირდება.“- აღნიშნა იურისტმა.

ასევე დაგაინტერესებთ