სად დაიხარჯა ”სამოქალაქო იდეის” ტაივანური ფინანსები? – თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე კონფერენციების და შეხვედრების ჩამონათვალი საჯაროა, თუმცა ძირითად ნაწილს დაფინანსების წყარო მითითებული არ აქვს. ღონისძიების მიზნებს შორის კი არის ჩინეთის გავლენებთან დაკავშირებული თემატიკა, რაც პროექტების დასახელებაშიც ჩანს – მაგალითად “ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში”, ”ჩინეთი საფრთხე თუ სტრატეგიული ალტერნატივა”.
როგორ და რა გზით მიიღო დაფინანსება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა? – თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ”კურიერს” წერილობით პასუხობს. იმეორებს იმავეს, რაც მანამდე ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა. ამბობს, რომ ”სამოქალაქო იდეას” მხოლოდ 5000 დოლარის გრანტი აქვს მიღებული – ”ტაივანის დემოკრატიის ფონდისგან”. ისევ უარყოფს ტაივანის სამთავრობო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს საჯარო ინფორმაცია. ”ტაივანის დემოკრატიის ფონდი”, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილია, სწორედ ტაივანის მთავრობისგან ფინანსდება. მას ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
”სამოქალაქო იდეის” კიდევ ერთი დონორი ტაივანიდან ”დაბლ სინქ ლაბია”. ფონდის მიზანიც ჩინეთის მავნე ზემოქმედების და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ მუშაობაა.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაფინანსების სხვა წყაროებს არ ამხელს. საჯარო ინფორმაცია კი, რომელიც ტაივანის მთავრობის მხრიდან დაფინანსებას ადასტურებს, მათთვის გასაგებს ხდის, რატომ აკრიტიკებენ ხიდაშელი და მისი პარტნიორები ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონორი ტაივანური ორგანიზაციების ინტერესებს ატარებს და ქვეყანაში ანტიჩინურ განწყობებს აღვივებს.
ქვეყანაში არ იმყოფება არც დავით უსუფაშვილი, რომელიც ”სამოქალაქო იდეასთან” თანამშრომლობს.. მის პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ ”ლელოს” თინა ხიდაშელის ორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს. ემიჯნებიან, თუმცა ამტკიცებენ იმავეს, რასაც თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
“ლელოსგან” განსხვავებით, ხიდაშელის სამოქალაქო იდეის ფინანსურ შემოსავლებზე კითხვები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათთვის, ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე არ არის. აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სათანადო ინფორმაცია არ აქვთ.
“ქართული ოცნებისთვის” ხიდაშელის სამოქალაქო იდეა სწორედ ლობისტური ორგანიზაციაა, რომელიც დამფინანსებლის ინტერესებს ემსახურება და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს ეწინააღმდეგება. მათ შორის, არაღიარების პოლიტიკას და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობას თავდაცვის ყოფილი მინისტრის პარტნიორები და პარტია ლელოც, სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ.
თინა ხიდაშელის ორგანიზაციის პარტნიორი პოლიტიკოსები და ექსპერტები სამოქალაქო იდეის ტაივანურ კავშირებზე კომენტარს აღარ აკეთებენ.