რა სანქციებს დაუწესებს EU “ოცნებას”? – “რადიო თავისუფლებამ” ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს შორის იქნება როგორც სავიზო შეზღუდვები, ისე ფინანსური სანქციები. გამოცემის წერს, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის წარდგენას ევროპის საბჭო უახლოეს სხდომაზე, 24 ივნისს გეგმავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, დოკუმენტი შეიცავს როგორც მოკლევადიან, დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ნაბიჯებს, ისე შედარებით გრძელვადიანს, რომელიც “სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში” ამოქმედდება.
მოკლევადიან სანქციებს შორისაა:
· ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან);
· ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა;
· ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას);
· ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30 მილიონევროიანი დახმარების გაყინვას;
სიტუაციის გაუარესება, რომელიც გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, გულისხმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის, ან საარჩევნო პროცესში დარღვევებს, გამოიწვევს შემდეგი ტიპის სანქციებს:
· წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
· შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
· პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
· ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
· საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.
“ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას. ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადებს”, – წერს რადიო თავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და მათთან აფილირებულ პირებს სანქციები უკვე დაუწესა -მ. 7 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტი სპრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომსაუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.
მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.
მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.
მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება, თუმცა, თუ ისინი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტენ, ამის შესახებ აღმოაჩენენ, როდესაც ვიზას მოითხოვენ, ხოლო ისინი, ვისაც უკვე აქვთ ვიზა, მიიღებენ შეტყობინებას მისი ანულირების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ