საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებული კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაზღვევის სექტორში, კონკურენციის რეგულირებას GCCA-ი ახორციელებს, ხოლო მომხმარებელთა უფლებების სფეროში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.
ბოლო წლებში, ჩვენი უწყებების მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობით არაერთი აქტუალური ბაზრის მონიტორინგი და მოკვლევა განხორციელდა, ასევე სექტორში კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხი იქნა განხილული. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ავტოდაზღვევის, საბანკო/სადაზღვევო გარანტიების და საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით განხორციელებულ შეფასებებს. გარდა ამისა, ჩვენს უწყებებს კოლეგებთან ერთად შექმნილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა – საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელიც უკვე სამჯერ გაიმართა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც ექვსი მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს 2024-2027 წლებში და ითვალისწინებს სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სექტორის სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს დაზღვევის თემის აქტუალიზაციას და კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენთვის დაზღვევის ზედამხედველ უწყებასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სექტორს თანამშრომლობისთვის. გილოცავთ ყველას დაზღვევის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“ – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას GCCA -ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
დაზღვევის დღე ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ლევან დავითაშვილი, პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; დავით სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს
