რა რეგულაციების შესრულება მოუწევს ბიზნესს მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ

მარილის მოხმარების შემცირებისკენ მიმართული კამპანია ისეთივე ეფექტიანი უნდა იყოს, როგორც თამბაქოს კონტროლის კანონი იყო. ამის შესახებ YouTube არხ „ჯანმრთელობის დღიურებში“ სტუმრობისას მედიცინის დოქტორმა, თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა ლელა სტურუამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლი ორგანიზაციის სტანდარტებით, მარილის მოხმარების დღიური ნორმა ერთი ადამიანისთვის 5 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დაახლოებით ერთი კოვზია. თუმცა ლელა სტურუა განმარტავს, რომ საუბარია იმ მარილზე, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტის და კერძის ჭამისას ვიღებთ და არა – ჩვენს მიერ დამატებულ მარილზე.
მისი თქმით, განსაკუთრებული სამიზნე უნდა იყოს პური, რომლიდანაც საქართველოს მოსახლეობა მარილს დიდი რაოდენობით იღებს.
ლელა სტურუას თქმით, 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში მარილის მოხმარება 8,5 გრამს შეადგენდა, თუმცა სპეციალისტებს მაშინვე ეჭვი შეეპარათ ამ კვლევის სანდოობაში. 2024 წელს ჩატარებულ კვლევით კი, რომელიც 24-საათიან შარდში ნატრიუმის შემცველობას იკვლევდა, დადგინდა, რომ რეალურად საქართველოში ერთი ადამიანი დღეში საშუალოდ 15 გრამ მარილს მოიხმარს, რაც ჯანმოს სტანდარტს 3-ჯერ აღემატება.
ლელა სტურუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა მარილის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს და ამ მიზნისკენ მიმართული ნაბიჯები თამბაქოს კონტროლზე არანაკლები იქნება.
ლელა სტურუა ამბობს, რომ ამ საქმეში სახელმწიფოსთან უნდა ითანამშრომლოს სარესტორნო და ტურიზმის ბიზნესმა, რათა კერძებში მარილის შემცველობა შემცირდეს.
„თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების დროსაც ამბობდნენ, რომ არავინ დაანებებდა თავს მოწევას და ადამიანები რესტორნებში მაინც მოწევდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ არავინ არ ეწევა.
მარილის მოხმარება უნდა შეამცირონ ოჯახებმაც. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი სუფრიდან სამარილე ავიღე და ასეა უკვე წლების განმავლობაში. სამარილე უნდა ავიღოთ სუფრიდან. დიასახლისები ვეცადოთ, ნაკლები მარილი გავუკეთოთ კერძებს. მოვერიდოთ მარილის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს,“ – აღნიშნავს სტურუა.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას მარილის მოხმარების შემცირების გზაზე, ეტიკეტირებაა, რომელზეც მარილის შემადგენლობის დონეები იქნება განსაზღვრული – მაგალითად მწვანე, ყვითელი და წითელი ფერებით, რაც ყველასთვის ნაცნობი განსაზღვრებაა და მარტივი აღსაქმელი იქნება.
სპეციალისტი ამბობს, რომ სწორედ მარილია იმის მიზეზი, რომ საქართველოში ევროპასთან შედარებით, მომატებული არტერიული წნევების სტატისტიკა 3-4-ჯერ მეტია.
შეგახსენებთ, რომ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, ქვეყანაში, ბავშვებზე მარილისა და შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის მარკეტინგის გავლენა უნდა შემცირდეს, რათა ბავშვებიცა და მოზრდილებიც მავნე საკვებისგან დაცული იყვნენ. რა ფორმით და რა ვადებში უნდა მოხდეს ეს და როდიდან უნდა ველოდოთ რეგულაციის ამოქმედებას – ჯერჯერობით უცნობია.