რა მოხდა ამ დღეებში რუსეთში…
„გუშინდელმა ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსულმა რუბლმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, საქართველოში პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაიარა. ბუნებრივია. ყველამ ვიცით, რომ რუბლი ისედაც პროგრესულად უფასურდებოდა და თითქოს რა არის ამ ფაქტში ახალი და მოულოდნელი. სინამდვილეში კი არის. ეს არის ახალი პოლიტიკური კონტექსტი; ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა“ – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.
„21 ნოემბერს, ამერიკის ხაზინამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის რამდენიმე ათეულ ბანკზე, რომლებსაც პუტინი ფართოდ იყენებდა საერთაშორისო საბანკო ოპერაციებისათვის. მათ შორის იყო „გაზპრომბანკი“, რომლის დასანქცირებასაც ამერიკა აქამდე ერიდებოდა, რადგან ამ ბანკის ფინანსური ქსელით საშუალებას აძლევდა ევროკავშირის ქვეყნებს შეესყიდათ რუსული გაზი.
ამერიკის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რომ 2 თვეში ახალი მთავრობა შეუდგება მოქმედებას და გამოვლინდება ყველა ის ეკონომიკური ხვრელი, რომლის საშუალებითაც ამერიკაც და ევროპაც ირიბად ხელს უწყობდნენ რუსული ეკონომიკის სტაბილურად ტივტივს. სწორედ ამ „ხვრელების“ საშუალებით ააწყო პუტინმა თავისი სამხედრო ეკონომიკა და პარალელურად ე.წ. „შავი ბაზარიც“, რომლის ბრუნვამ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია და რომლის განუყოფელ ნაწილად აქცია საქართველო „ქართულმა ოცნებამ“.
„ხავერდოვანი ეპოქა“ დასასრულს მიუახლოვდა. ახალი შერიფის გუნდის ტაქტიკა ამერიკის ყველაზე მძლავრ იარაღზეა აგებული. ეს იარაღია – „დოლარი“. ბაიდენის გუნდი მაქსიმალური სისწრაფით ამოქმედდა. ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად „გამოასწორონ“ ყველა ის „შეცდომა“, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცა უკრაინის ნელი მოგუდვა კატასტროფულ ფაზამდე მიეყვანა. იგივეს აკეთებს ევროკავშირიც. ევროპელებმა იციან, რომ ტრამპი აუცილებლად გაამჟღავნებს მათ ორმაგ სტანდარტებს ისეთივე სიხისტით, როგორითაც თავის დროზე გერმანიას ესაუბრებოდა ჩრდილოეთის ნაკადის დაუშვებლობის შესახებ; ამიტომ ისინი აყვნენ თავიანთ მოკავშირე ბაიდენს და ერთობლივად მიასანქცირეს „გაზპრომბანკი“.
სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვიეს რუბლის მკვეთრი ვარდნა. აქამდე შემორჩენილმა რუსულმა ლეგალურმა ექსპორტმა უძლიერესი დარტყმა მიიღო. რუსეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნედ დაახლოებით 4%-ს ანგარიშობდა, მაგრამ ინფლაციამ უკვე 8.5%-ს მიაღწია. ბანკი იძულებული გახდა გაეზარდა სესხის პროცენტული განაკვეთები რეკორდულ 21%-მდე, რათა ინფლაცია შეეჩერებინა, მაგრამ უშედეგოდ. დიდი ალბათობით ეს პროცენტები კიდევ უფრო გაიზრდება.
ეს რაც შეეხებოდა ლეგალურ ეკონომიკას. მნიშვნელოვანი ცვლილებებია „შავ ეკონომიკაშიც“. ამერიკამ და ევროკავშირამ აქაც შეთანხმებულად დაიწყეს რუსული „ხვრელების“ ამოქოლვა. ესეც მოსასწრებია ტრამპის მოსვლამდე, რადგან ბევრი თავი დაგორდება. სერიოზულად დაარტყეს კვიპროსს, რუსი ოლიგარქ-მილიარდერების ფავორიტ „ოფშორს“. კვიპროსი იძულებული გახადეს დაესანქცირებინა რუსი მილიარდერები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი უზარმაზარი შემოსავლების წყაროების ლეგალურად ჩვენებას. დაახლოებით ასამდე რუსმა „ბიზნესმენმა“ უკვე დაკარგა ევროკავშირის მოქალაქეობა ამ ოპერაციის წყალობით. ლოგიკურია იმის წინასწარმეტყველება, რომ იგივე ელის რუსულ „შავ ეკონომიკაში“ ჩართულ ყველა ქვეყანას. ევროკავშირი იძულებული იქნება, უმკაცრესი სანქციები დაუწესოს ამ პათოლოგიური სისტემის სუბიექტებს.
იმედია უკვე ხვდებით, რეალურად რამ გამოიწვია დღევანდელი ე.წ. ქართული დემარში ევროკავშირის მიმართ. „ოცნებამ“ დაასწრო ევროპას და პირველი ნაბიჯი გადადგა. მათ შესანიშნავად იციან რომ სანქციები გარდაუვალია და ამიტომ ეს სანქციები, რომლებიც რეალურად საერთაშორისო ფინანსური აფიორისათვის იქნება, სურთ რომ წარმოსახონ როგორც საქართველოს დასჯა დამოუკიდებლობისათვის.
ერთია მხოლოდ, ეს ვერ უშველის „ოცნებას“ გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან „შავი ეკონომიკიდან“ შემოსული ფინანსური წყაროები უკვე დაშრობას იწყებს და ქართული ეკონომიკა გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს დასავლური ლეგალური ფინანსური ტრანშების გარეშე, რომლებიც აქამდე განაპირობებდა ქართული ფინანსური სივრცის მყიფე სტაბილურობას. განსაკუთრებული ინტელექტი და ეკონომიკის ცოდნა არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რა კატასტროფისაკენ მიაქანებს „ოცნება“ ქვეყანას. საქართველოს ხომ პრაქტიკულად არანაირი სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია არაფრისაგან. ქართულმა საზოგადოებამ არჩია რომ მშვიდად დააკვირდეს ამ პროცესს. ეს ხალხის არჩევანია; შესაბამისად, შეგნებული არჩევანი იქნება შედეგებიც.
რა პერსპექტივები აქვს რუსულ პუტინომიკას; რატომ შეეცდება ჩინეთი, რომ არ აიკიდოს რუსეთი ტრამპონომიკის ეპოქაში და ა.შ., ამაზე მომდევნო პოსტებში“ – წერს ზურაბ გურული.