ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება საკმაოდ მძიმე ტვირთი გახდა სექტორისთვის, თუმცა მისივე თქმით, რეგულაციამ პოზიტიური როლი შეასრულა პროცესის დასაჩქარებლად.
მან გახანგრძლივებულ რეგულაციაზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა კლინიკებს ესმით მისი საჭიროება.
“რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლე ვადებში იყო სხვადასხვა სანებართვო პირობებთან, საერთაშორისო აკრედიტაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ტვირთი გახდა სექტორისთვის. მაგრამ ერთი მხრივ, შექმნა მოტივაცია და სრული ფოკუსირება გააკეთა რაღაც მიმართულებებში. ჯანდაცვის სექტორი ძალიან რეგულირებადი დარგია და ხისტი გადაწყვეტილებები რთავს მექანიზმს, რომ დროულად და სწრაფად იმოქმედო. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ სექტორი ცდილობს დააკმაყოფილოს ახალი რეგულაციები, მით უმეტეს, როდესაც ეთანხმება მას. საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხი ასოციაციის წევრ კლინიკებში არანაირი დისკუსიის საგანი არ ყოფილა, ღია ვიყავით ამასთან დაკავშირებით, რადგან გვესმის, რომ ეს აუმჯობესებს ხარისხს და კლინიკების ინტერესიც იყო. ფორსირებამ განაპირობა ის, რომ რეალურად ძალიან დიდი ძალისხმევით, დიდი წნეხი იყო როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების, რადგან პროცესი საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, ქვეყანაში არ იყო ამის გამოცდილება”,- აღნიშნა მაია მახარაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკების უმეტესობა, რომლებმაც აკრედიტაცია ჯერ ვერ მიიღეს არაქსელურია. ზოგადად კი პროცესი ყველგან დაწყებულია.
