რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ემსახურება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება. ცვლილებები ასევე შედის საზედამხედველო სტრუქტურაში, საინვესტიციო ლიმიტებთან დაკავშირებით და ა. შ. ცვლილება ეხება სააგენტოს სახელწოდებასაც.
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს დასახელება „საქართველოს საპენსიო ფონდით“ შეიცვლება.
უფრო კონკრეტულად, დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, საინვესტიციო საბჭო გაუქმდება. მის ნაცვლად შეიქმნება მმართველი საბჭო. აღნიშნული მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან შედგება. 9 წევრის შემთხვევაში, ერთი თანამდებობრივი პირი იქნება, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში – ორი. წევრებს კომისია შეარჩევს და პრემიერი დაამტკიცებს. მათი უფლებამოსილების ვადა კი 5 წლით განისაზღვრება. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს პირველად დაკომპლექტებისას მისი წევრები დანიშნოს 5 წელზე ნაკლები ვადითაც.
ცვლილებების მიხედვით, მმართველი საბჭოს მიერ შექმნილი საინვესტიციო კომიტეტს ექნება უფლება, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ინვესტიციების სახით განათავსოს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის, უჩნდება შესაძლებლობა, დაგროვილი თანხები გასცეს კრედიტების სახითაც.
რაც შეეხება ამოქმედების ვადებს, ახალი რედაქციით, მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1 მაისამდე ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებასა და საპენსიო ფონდის იმ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც 2025 წლის 1 მაისს უნდა ამოქმედდეს.
ამასთან, 2024 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობის, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესისა და პროცედურის, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმების, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნების, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესისა და მათი ანაზღაურების ზღვრული ოდენობებისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით დადგენილების მიღება.