რა თქმა უნდა ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში – ლევან სურგულაძე სებ-ის საბჭოს წევრობაზე

თუ ვიქნები სებ-ის საბჭოში, ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ლევან სურგულაძემ, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მოსმენაზე, განაცხადა.
მისი თქმით, სებ-ი დამოუკიდებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.
„ეროვნული ბანკი არის კანონით დამოუკიდებელი ნებისმიერი გარე ორგანიზაციისგან თუ პიროვნებისგან. მან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მხოლოდ იმ მონეტარული პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც მიმდინარე მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს. მისი მიზანი უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობა და დაბალანსება ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის და მხოლოდ ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს სებ-მა ნებისმიერი თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი ჩარევისა და კონსულტაციების გარეშე. სებ-ს ასევე აქვს ძალიან დიდი მიკროეკონომიკური როლიც – ის არის ჩვენი საფინანსო სისტემის მარეგულირებელი და შესაბამისად იმ მიზნებიდან, მდგრადობიდან, ამოცანებიდან გამომდინარეც იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომ ვიყო საბჭოში, რა თქმა უნდა ვიქნები დამოუკიდებელი. ჩემი ცხოვრებისგანვლილი წლების და სამუშაო ადგილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის როდესაც საჭირო იყო, ვიყავი სრულიად დამოუკიდებელი ჩემს გადაწყვეტილებებში და არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვექცეოდი“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

ასევე დაგაინტერესებთ