თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება გააკეთა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა მურთაზ ზოდელავამ.
“ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა, შფოთვა მკარნახობს, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
გამოსავალი უკვე აღარ არის.
ყველა ჩემს საეთერო გამოსვლებში ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილზე. როგორ მოახერხა პროკურატურამ, რომ წინ კობახიძე ჩააკვეხა, არ ვიცი.
ივანიშვილი არის ყველგან და მეტასტაზირებული. მიტაცებულია ხელისუფლების ყველა შტო. ქართველმა ხალხმა უნდა იპოვოს ძალა და გათავისუფლდეს უზურპატორისგან.
ივანიშვილი ცდილობს, რომ განსაკუთრებით ძალოვან სისტემას შეუშხაპუნოს დასავლეთის ზიზღი. წინა დაკავებაზე სუს-ის ბიჭებმა დამაკავეს და ძალიან საგრძნობი იყო ეს. ხალხო, უნდა გაითავისოთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აგენტად, მტრად, არაკაცად და არაქალად გყავთ დასახული, ათი ათასობით ვართ, ვისაც ევროპა გვინდა და არ გვინდა ბიძინა ივანიშვილი… ამის გამო [ცდილობთ] სამოხელეო საზოგადოება დაგვიპირისპიროთ და გვაიძულოთ, რომ დავტოვოთ ქვეყანა, არ ვიცი…
თუ ივანიშვილი რჩება, ვრჩებით მაგის ბოსტნად, ყველა ვცხადდებით მისთვის მიუღებლად, მცენარეებად, ან უნდა წავიდეთ ქვეყნიდან.
ჩვენ უმრავლესობა ვართ.
ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას ფულით და შიშით. თავად ქართული ოცნების მაღალჩინოსნებში გაამეფა შიში.
ბიუჯეტი გადააქცია სახელმწიფოს მიტაცების ბერკეტად”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობები ემუქრებათ.
