პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა ახალ ოფისში, ჭოველიძის #4-ში მდებარე ბიზნესცენტრში და თქვა, რომ ეს ოფისი არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება.
„შეიძლება არ ჰგავდეს, მაგრამ სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან დე-ფაქტო პრეზიდენტი უწოდა მიხეილ ყაველაშვილს და განაცხადა, რომ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი არალეგიტიმურია.
„პარლამენტი არ პარლამენტობს, ჩაკეტილია კარებს მიღმა და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებებს რის საფუძველზე და ვისი ინსტრუქციებით იღებს, არავინ იცის… ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საზღვრებს მიღმა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ქვეყნის „მატყუარა სურათს“ გვაჩვენებს.
ქვეყანაში შექმნილი „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ ერთადერთი გამოსავალი, ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებია.
„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდხანს ქვეყანას თავისი ხალხის წინააღმდეგ. აქ ორი არჩევანია: ამ ხელისუფლებამ, რომელიც უკვე იშლება, დაინახოს ეს რეალობა და თვითონ წავიდეს დათმობაზე ახალი არჩევნების ორგანიზებით იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი პრაქტიკულად მზად იქნება მომავალ დღეებში. მეორე ვარიანტი ბევრად უფრო რთული და ძნელია ქვეყნისთვის, რომ მმართველი პარტია დაელოდოს თავის ბოლომდე დაშლას, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს, მაგრამ ესეც იქნება, თუკი არ გაითვალისწინებს ხალხის და პარტნიორების ერთობლივ მოთხოვნას ახალ არჩევნებზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ორივე ალტერნატივისთვის მზადაა.
„ჩვენი მთავარი პარტნიორები უკვე იზიარებენ არა მხოლოდ იმას, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს. ეს იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და ვასრულებ სრულყოფილად. ყოველდღიური კავშირები მაქვს უცხოელ პარტნიორებთან“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად აშშ-ში მიემგზავრება.
„არის ინაუგურაციაზე მოწვევის სხვადასხვა ვარიანტები, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის სხვათა შორის, თორემ ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხვალ ზუგდიდში ეწვევა, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩავა.
„ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება. იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა თქვენთან ერთად გავიყვანო სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების გარეშე არ შეიძლება იყოს მიღწეული“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ახალი არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში პარტიას თუ ოპოზიციის ერთიან სიას მიემხრობა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
„როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ ახალ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა“.