საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია განახლებადი ენერგიების პოტენციალის აქტიურად ათვისება. განახლებადი ენერგიები – ეს ის წყაროა, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობა ენერგიის გენერაცის ზრდას, ხოლო მეორეს მხრივ გარემოზე მავნე ზეგავლენას ამცირებს. არაერთგზის თქმულა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისების კუთხით კვლავ გააჩნია გამოწვევები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს პოტენციალი თუმცა მისი სრულყოფილად ათვისება ვერ ხდება. აღნიშნულ სტატიაში სწორედ ქვეყნი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვან და პერსპექტიულ რეგიონზე — აჭარაზე ვისაუბრებთ, რომელიც გამორჩეულია ბუნებრივი რესურსების სიმრავლით, რაც მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პოტენციალის საფუძველს ქმნის. რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები და მდინარეთა ქსელი აჭარას ფართო შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჰიდროენერგეტიკის, ასევე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისათვის.
ჰიდროენერგეტიკა
განახლებადი ენერგიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჰიდროელექტროსადგურებია(ჰესები). უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის რეგიონს გარკვეულწილად განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელი აქვს. მასში შედის არაერთი მდინარე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარისწყალი, ჩაქვისწყალი, მაჭახლისწყალი და სხვა მცირე მდინარეები. ხაზგასასმელია ისიც, რომ რეგიონში საშუალოდ მაღალი ნალექიანობაა. მთიანი რელიეფი კი ხელს უწყობს მდინარეების ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ჰესების ასაშენებლად.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ დღეისთვის აჭარაში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ჰესი. მათ შორის, გამორჩეულია შუახევის ჰიდროელექტროსადგური (შუახევის ჰესი), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. მისი სიმძლავრე დაახლოებით 187 მეგავატია (MW). იგი შედგება დამბის, წყალსაცავის, გვირაბის სისტემისა და მიწისქვეშა ელექტროსადგურისგა. აღნიშნული ჰესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმით იძენს, რომ მისი მშენებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის წარმოება ზამთარში, როცა ქვეყნისთვის ელექტროენერგიის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა.
აჭარაში არის ასევე მცირე ჰესებიც, მათ შორის, ჭვანის ჰესი, თხინვალის ჰესი და ასე შემდეგ. 2024 წლის ბოლოსთვის აჭარაში ჰესების რაოდენობა დაახლოებით 22-ია. თუმცა რეგიონში კვლავ არსებობს პოტენციალი იმისა, რომ უფრო მეტი ჰესი აშენდეს, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. არსებობს არაერთი მდინარე და ხეობა, სადაც დამატებით შესაძლებელია მცირე და საშუალო ჰესების აშენება, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გასული წლების განმავლობაში იგივე ნორვეგიის წყლის რესურსების დირექტორატის, ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ რეგიონში უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეიძლება. სხვადასხვა შეფასებსი მიხედვით, აჭარაში 60-ზე მეტ მდინარეზე და შენაკადზეა შესაძლებელი მცირე და მიკრო ჰესების განვითარება. მათ შორის ყველაზე პერსპექტიულ მდინარეებად შეიძლება ჩაითვალოს მაჭახლისწყალი, ჩაქვისწყალი, ჩოლოქის ზემო წლები, აჭარისწყლის მცირე შენაკადები და ასე შემდეგ.
ქარის ენერგია
აჭარა გამოირჩევა ძლიერი და სტაბილური ქარებით, განსაკუთრებით ზღვისპირა და მთიან ზონებში. ბათუმის მიმდებარედ ქარის საშუალო სიჩქარე წლიურად 4-6 მეტრ/წამს აღწევს, ხოლო მთიან უბნებში ზოგჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლებიც ფიქსირდება.
ქარის ენერგიის განვითარების მხრივ აჭარა განსაკუთრებულ პოტენციალს ფლობს ისეთ ზონებში, როგორიცაა: ბათუმის შემოგარენი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი რაიონები. ქარის ელექტროსადგურების განვითარება აჭარაში ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა, მისი განვითარების შესაძლებლობები არსებობს რეგიონის გარკვეულ ლოკაციებზე, რასაც სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს.
მზის ენერგია
კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს მზის ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ აჭარას მთიან ზონებში ხშირია ნისლი და ნალექიანი ამინდი, ბათუმისა და ქვემო აჭარის დაბლობ რაიონებში მზის სხივების საშუალო წლიური მაჩვენებელი საკმაოდ ოპტიმალურია მზის ენერგიის ათვისებისთვის. განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში მზის აქტივობა იძლევა მაღალ ეფექტიანობას როგორც სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებისთვის, ასევე ფართომასშტაბიანი მზის ელექტროსადგურებისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მზის ენერგიის მცირე სადგურები უკვე დაიწყო ფუნქციონირება ტურისტულ ობიექტებზე, სასტუმროებზე და სოფლის მეურნეობის ფერმებზე. მზის ენერგიის მასშტაბური გამოყენება, მაგალითად, აგროსექტორში — სარწყავი სისტემებისათვის ან სამაცივრე მეურნეობების ელექტრიფიკაციისთვის — მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რეგიონს. თუმცაღა აჭარის დაბლობ რაიონებში, მით უფრო იმ ფონზე, როცა ბათუმი ტურისტულად ერთ-ერთი გამორჩეულია, მზის პანელების დამატებით ინტეგრირება და ათვისება საშუალებას მოგვცემცს უფრო მეტად გავზარდოთ გენერაცია, რათა გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ, როდესაც ტურისები ჩამოდიან.
ამრიგად, როგორც ჰესების, ისე ქარისა და მზის ენერგიის კუთხით აჭარის რეგიონს გარკვეულ ლოკაციებზე განსხვავებული, თუმცა მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, მაშინ ნათლად გამოჩნდება, რომ გაზრდილ მოთხოვნას ენერგიიზ მომატებული წარმოებით უნდა ვუპასუხოთ, რომელიც სწორედ არსებული პოტენციალის გამოყენებასთან მოდის თანხვედრაში.
