რა დააბარა საპატიმროდან ირაკლი ოქრუაშვილმა ჭაბაშვილს

ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. როგორც მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავს მხნედ გრძნობს და საერთოდ არ ნერვიულობს იმაზე, რომ საპატიმროშია.
ჭაბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ოქრუაშვილის მთავარი გზავნილიც გააჟღერა და თქვა, რომ მისი გირაოს არ გადახდას და წულუკიანის კომისიაზე არ მისვლასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.
მოვინახულე, მხნედ გამოიყურება, არ ნერვიულობს იმაზე, რომ საპატიმროშია. მან ასეთი რამ დამაბარა, მისი წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა და შემდეგ გირაოს არ გადახდა იყო სოლიდარობის გამოხატულება ქალბატონ მზია მაღლოებლსა და სინდისის პატიმრების მიმართ.
მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეაქცია მოჰყვა მის დაპატიმრებას საზოგადოებაში და მან თავის მხრივ ყველას მადლობა შემოუთვალა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
პოლიტიკურ შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სამართლებრივი არგუმენტები, რომ კომისიამ პროცედურებიც ვერ დაიცვა, თუ ამ პროცედურებს დაიცავდა უამრავი ბერკეტი გვქონდა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების, რის შემდეგაც, შესაძლოა მისი მისვლა კომისიაში საერთოდ საჭირო აღარ ყოფილიყო და ამ ყველაფერზე ჩვენ ვიდავებთ სასამართლოში, როცა არსებითი განხილვა იქნება. არ არსებობს გადაწყვეტილება კომისიის, ოქრუაშვილს და არა მარტო მას, მიუვიდათ თავმჯდომარის წერილი, რომ გიბარებთ კომისიის სხდომაზე, ამ კომისიის რეგლამენტი ამბობს, რომ კომისიამ გაადწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ფორმდება ოქმით და ეს არის ადმინსიტრაციული აქტი, რომლის გასაჩივრებაც სასამართლოში შეგიძლია. შემდეგ კი შესაძლოა, სასამართლომ შეაჩეროს მისი მოქმდება, ვიდრე განიხილავს. მერე ამაზეა აწყობილი მთელი საქმე, ეს პროცედურა არ ჩაუტარებიათ და ეს დიდი დარღვევაა. დაპატიმრებას რაც შეეხება, ეს არ იყო არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომ ის დამნაშვეა თუ არა, ეს იყო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული, რომ ვიდრე სასამართლოები მიდის, ეს ადამიანი იყოს თავისყფლებაზე თუ პატიმრობაში,- აცხადებს უფლებადამცველი.
ჭაბაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს არის სიგნალი სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომ თუ არ გადაიხდით გირაოს, არ დავიხევთ უკან და თქვენც იგივე, ციხის გზას გაგიყენებთო.“
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით გუშინ შეუცვალა. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.