მსოფლიო სამ დიდ გავლენის სფეროდ იყოფა: ეს პუტინის გემოვნებაში ძალიან კარგად ჯდება. კიევის წინააღმდეგ თავის აგრესიულ ომს კრემლის ლიდერი უსაფრთხოების ინტერესების დაცვით ნიღბავს. ახლა მას უკვე შეუძლია, ტრამპისკენაც გაიშვიროს ხელი.
მოსკოვის დიდი ხნის მოკავშირის აშშ-ის მიერ სამხედრო გზით გადაყენებასა და გატაცებას კრემლი, ოფიციალურად, აკრიტიკებს და მას თავის „მწარე მარცხად“, დონალდ ტრამპის „მეკობრეობად“ და ვაშინგტონის „ველური დასავლური პოლიტიკას“ გამოვლინებად აფასებს. თუმცა, რეალურად, ნიკოლას მადუროს ძალადობრივი დამხობა პირდაპირ ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ვენესუელაში ძალისმიერი ჩარევისა და მადუროს პოლიტიკური არენიდან მოშორების გამართლება კრემლიდან წამოსულ შორეულ ექოს ჰგავს: „ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში (იგულისხმება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) ეჭვქვეშ აღარასდროს დადგება“, – განაცხადა ტრამპმა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ქცევა – სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მოტაცება – მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მოქმედებს პრინციპი „ძლიერს ყველაფრის უფლება აქვს“. რუსეთმა ეს დიდი ხანია იცის“, – განუცხადა კრემლის ყოფილმა მრჩეველმა, სერგეი მარკოვმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.
მისი თქმით, XIX საუკუნის დასაწყისის მონროს დოქტრინის ახალი გამოცემა, რომელიც ტრამპს, საკუთარი სახელის მინიშნებით, „დონროს დოქტრინის“ ფორმულირებით უფრო მოსწონს, შესაძლოა, სხვაგვარადაც იქნას განმარტებული: „მზად არის თუ არა შეერთებული შტატები, ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინირება აღიაროს?“ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ქვეყნებზე პუტინის პრეტენზიას და ვენესუელას, კუბის, კოლუმბიისა და გრენლანდიის მიმართ ტრამპის ექსპანსიონისტურ ამბიციებს შორის პარალელები გლობალური საზოგადოებისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს შეიცავს.
თავისი ვერდიქტით, რომ „ვენესუელას ჩვენ ვმართავთ“, ტრამპი რისკავს, შექმნას თავისი ძალისმიერი პოლიტიკის ისეთი გამართლება, რომელსაც, როგორც წესი, პუტინი იყენებს ხოლმე. ბოლო დღეებში ტრამპმა თავისი პრეტენზია ძალიან მკაფიო გახადა: თუ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ ნედლეულის რესურსები, რომლებიც ამერიკისთვის „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესს“ წარმოადგენს, ეს ქვეყნები ვაშინგტონის ზეწოლას უნდა დაემორჩილონ.
პუტინის მტკიცებით, მისი შეჭრა უკრაინაში არის „ამ ქვეყნის მოსახლეობის გათავისუფლების მისია“. ამავდროულად, პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ „უკრაინამ უკანონოდ მიითვისა მისი ქვეყნის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა“.
ტრამპმა ვენესუელაში თავისი ეფექტური სამხედრო მოქმედება ისევე ყალბად გაამართლა, როგორც ეს პუტინმა უკრაინის შემთხვევაში გააკეთა – შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადურომ „ამერიკული ქონების ყველაზე დიდი ქურდობა ჩაიდინა ნავთობინდუსტრიის ნაციონალიზაციით, რომლის აშენებაშიც აშშ-ის კომპანიები მონაწილეობდნენ“. ტრაპმპისადმი კეთილგანწყობილი ამერიკელი ექსპერტებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, მაიკლ ბირნბაუმი „ვაშინგტონ პოსტიდან“, მის ასეთ ექსპანსიონისტურ ამბიციებს უკიდურესი სკეპტიციზმით უყურებენ. ამიერიდან აშშ-ისთვის უფრო რთული იქნება, აიძულოს რუსეთი და ჩინეთი, თავისი მეზობლებისგან თავი შორს დაიჭირონ.
ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ტრამპის „ოპერაცია მადუროს“ მიმართ უკიდურეს თავშეკავებას იჩენენ. სამართლებრივი ვითარება რთულია: მადურო არ იყო ვენესუელას არჩეული პრეზიდენტი და ნავთობის რესურსებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, შესაძლოა, მართლაც დაიწყოს ახალი დემოკრატიული პროცესი. ევროპელ ლიდერებს არ ჰყოფნით გამბედაობა, მკაცრად გააკრიტიკონ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და გაერო-ს ქარტიის დარღვევა.
თუ ისინი ხმამაღლა გამოხატავენ პროტესტს, როგორც ამას ევროპული საზოგადოების ნაწილი იმედოვნებს, არსებობს შიში, რომ არაპროგნოზირებადმა აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ან სულაც შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. გერმანიის კონსერვატიული CDU/CSU („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/ „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ – რედ.) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა, იურგენ ჰარდტმა, „ბავარიის რადიოსთან“ საუბრისას, შექმნილი მდგომარეობა ასე ჩამოაყალიბა: „როდესაც იცი, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ამ ერთ საკითხზე უთანხმოება გაქვს და საერთაშორისო სამართალზე მითითება სიტუაციას მაინც არ შეცვლის, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, რამდენად სწორი და გონივრულია, იდავო ამაზე მაშინ, როდესაც მალე მასთან უკრაინის მომავალზე მოგიწევს დალაპარაკება? რა შეიცვლება იმით, თუ სამხედრო ძალადობის თემაზე ხმამაღლა ვიწუწუნებთ?“ – აღნიშნა ჰარდტმა, რითაც კოლუმბიისა და კუბის მიმართ ვაშინგტონის უფრო შორს მიმავალ მუქარებზე მიანიშნა და დასძინა: „ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. ევროპელები ახერხებენ აშშ-ზე გავლენის მოხდენას იქ, სადაც საქმე უშუალოდ ჩვენ გვეხება“.
წყარო: 1 არხი




