რა გავლენა ექნება ტრამპის სატარიფო პოლიტიკას აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე?

“იაგოს ღვინის” დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკაში საქართველოდან ღვინის საექსპორტო ჯაჭვის ყველა მონაწილე – მწარმოებელი, დისტრიბუტორი და გამყიდველი, ტრამპის დაწესებულ 10%-იან ტარიფს საკუთარ ღირებულებაში ისე გაითვალისწინებენ, რომ პროდუქტს ფასს არ შეუცვლიან, მაშინ -ში გაყიდვები შეიძლება შენარჩუნდეს. ამის შესახებ “საქმიან დილაში” მეღვინემ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
“პროგნოზების გაკეთება ჯერ რთულია, თუმცა თუ რამდენიმე ფაქტორს გავითვალისწინებთ, ჩვენ გარკვეული წინასწარი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ტრამპი ახორციელებს, შეიძლება ქართულ ღვინოზე დადებითად აისახოს, ვინაიდან ევროპულ ღვინოს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდა, თუმცა მე აქ უფრო ფრთხილი ვიქნებოდი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ 2024 წლის მონაცემებით ღვინის მოხმარება შემცირებულია და ეს შემცირება უკვე 2 წელია ფიქსირდება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ დიდი წარმოება აქვს თავად ამერიკას, რომელსაც ფასნამატი არ შეეხება, ანუ მათთან უფრო დიდ კონკურენციაში შევალთ. ამ ფაქტორს ემატება ისიც, რომ ჩვენი ცნობადობა არ არის ისეთი მაღალი, რომ ჩვენზე ეს პირდაპირ დადებითად აისახოს.
ერთადერთი ეს შეიძლება წაგვადგეს, თუკი ამ 10%-ს გადაინაწილებს ყველა ის ჯაჭვი, რომელიც მონაწილეობს, ეს არის მწარმოებელი, დისტრიბუტორი და გამყიდველი. ცოტ-ცოტას თუ ყველა მოიკლებს, რომ ფასი არ შეუცვალოს ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო შევინარჩუნოთ გაყიდვები. ამაზე მიდის ახლა საუბრები, სხვა შემთხვევაში არ მგონია დადებითად აისახოს. ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც საკმაოდ შეწუხებულები არიან, ამიტომ ამ მოცემულობაში რეალური პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია“, – განაცხადა ბიტარიშვილმა.