სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი „ფორმულას“ ეთერში ჯერჯერობით არ დაბრუნდება.
სერიალის მე-19 სეზონი მიმდინარე შაბათს სრულდება. ჩცდ ეთერში ერთი თვეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ მე-20 სეზონი გადავადდება.
„სეზონიც ისე მთავრდება, რომ გაგრძელებას ითხოვს აუცილებლად, მაგრამ რაღაც პაუზის აღება მოგვიწევს. ერთ თვეში არ გამოვა, ბევრი რამ დასაორგანიზებელია იმისთვის, რომ სერიალის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მოხერხდეს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ საღინაძემ და დასძინა, რომ საორგანიზაციო საკითხები ძირითადად ფინანსების მოზიდვას ეხება.
„იმისთვის, რომ პაუზა არ იყოს, უნდა მქონდეს შემდეგი სეზონის თანხა, რაც არ მაქვს. გამოცდილება , მკარნახობს, რომ ვშოულობთ ხოლმე [დაფინანსებას]. თუმცა შემდეგი სეზონი უფრო გვიან იქნება, ვიდრე ვფიქრობდით“, — განაცხადა საღინაძემ.
ფინანსური პრობლემებისა და რეორგანიზაციის შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დიდი ნაწილი იხურება და იგეგმება კადრების შემცირებაც.