რა ბაზას ქმნის “ოცნება” და ვის შეიყვანენ მასში – პაპუაშვილის განმარტება

“ქართული ოცნება” აანონსებს საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გევრდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, რომლის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, ძალადობრივი ხასიათისაა. პაპუაშვილი განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ “საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების” დაცვაა.

უფრო კონკრეტულად, პაპუაშვილი გულისხმობს იმ ცნობილ და ამა თუ იმ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, ვისგანაც საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო პოზიციის დაფიქსირების მოლოდინი აქვს. პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის “მორალური ტერორი” და “შანტაჟი”. ამიტომ, “პარტიამ და პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ასეთი ბაზა, ვებ-გვერდი, სადაც ეს ადამიანებირომლებიც საჯაროდ ჩანან, როგორ ძალადობენ ფიზიკურად სხვებზე, ვხედავთ მუქარას, ვხედავთ შანტაჟს – ეს ყველაფერი თან საჯაროდაც ხდება – ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული და შემდეგ საზოგადოება თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით”.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბაზაში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოზიციას სოციალური ქსელების საშუალებით გამოხატავენ, ან იწონებენ სხვის პოზიციას.

“ვფიქრობ, ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებაც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოხატული ზიზღის ენა, ფაშისტური განცხადებები, მათ შორის ვიღაცების გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათ ოთახში ნათქვამი სიტყვები, ეს არის საჯარო განცხადებები, რომლებიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, თავისთავად, როდესაც საზოგადოებას ამაზე ექნება რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, თავისთავად უკვე, ეს ადამიანებიც უკვე მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს”, – თქვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა საჭიროა ამგვარი ბაზის შექმნა, როცა დანაშაულსა თუ სამართალდარღვევაზე რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობა, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

“არის სისხლისსამართლებრივი განზომილება, რაც დანაშაული არის – იქნება ეს ძალადობა თუ მუქარა და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წევრების შანტაჟი და ა.შ. რომელიც სისხლისსამათლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მორალური შეფასება”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის