რა აზიანებს რეალურად ფრჩხილებს? – მითები და რეალობა შილაკზე

ფრჩხილსაც მოდა აქვს? – ვიკითხე ამას წინათ და კითხვის დასრულებამდე მივხვდი, რაც წამოვროშე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ახლა უკვე ზეპირად ვიცი, რომელი ფერებით სჯობს გაილამაზო ფრჩხილები ზაფხულში, რომლით – ზამთარში, სად, როგორ, ვისი და რისი დახმარებით უნდა შეარჩიო სასურველი ფორმა და დიზაინი. მხოლოდ ორ რამეს არ ეხება, თურმე, მოდა, ომბრეს და ფრენჩს, ეს ორი კლასიკაა, დანარჩენი, ზოგი კარგად დავიწყებული ძველია და ზოგიც – ისეთი ახალი, წარმოდგენაც რომ არ შეგვეძლო ათიოდე წლის წინ.
მთავარი, რაშიც ყველანი ვთანხმდებით – ფრჩხილები ნამდვილად ადამიანის სავიზიტო ბარათია.
შესაძლოა, ახლა გაიფიქროთ, რომ არა, ასე არაა და სულ არ აკვირდები, ვის რა ფერად აქვს ფრჩხილი შეღებილი და რა ფორმის, მაგრამ, აბა, შეხვედრაზე, თუ პაემანზე, გინდ მამაკაცი და გინდ ქალი მოსულიყო უსუფთაო, მოუწესრიგებელი ფრჩხილებით, თუ არ დაიმახსოვრებდი.
რაკი ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ფრჩხილები მოვლილი უნდა იყოს, ახლა უნდა ავარჩიოთ გზა, რომლითაც მისი მოვლა მარტივი, კომფორტული, სასარგებლო იქნება.
დღეს შილაკზე ვისაუბრებ, უფრო სწორად გელ–ლაქზე, ბევრს დიდი ხანია დაავიწყდა, რომ Shellac მხოლოდ გელის ფრჩხილის ლაქების მწარმოებელი კომპანიაა, თუმცა, შილაკი ლამის გელ–ლაქის ზოგად სახელად იქცა და მეც ასე მოვიხსენიებ, თქვენი ნებართვით.
შილაკი უკვე ათი წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მის ირგვლივ წარმოუდგენელი რაოდენობის ჭორი გაჩნდა. ვნახოთ, რომლებია ყველაზე პოპულარული მითები.
7 მითი შილაკზე
მითი 1 – შილაკის საფარი აფუჭებს ფრჩხილებს
თუ ფრჩხილებს პროფესიონალს არ ანდობ, შეიძლება შილაკის მოხსნისასაც და კლასიკური მანიკიურის გაკეთებამდეც დაგიზიანოს ფრჩხილი, გაათხელოს, გაუტყდეს. თუმცა, კონკრეტულად შილაკის მასალა აქ არაფერ შუაშია. გელის ლაქი არ შეიცავს არც ერთ ტოქსიკურ და საშიშ ნივთიერებას, რამაც შეიძლება დააზიანოს თითები, ან ფრჩხილები. არც ერთი მეცნიერული მტკიცებულება შილაკის უარყოფით ეფექტზე არ არსებობს.
მითი 2: შილაკის გასაშრობი ნათურით დასხივება კიბოს იწვევს
ულტრაიისფერი გამოსხივების დოზა, რომელსაც ამ კონკრეტულ ულტრაიისფერ ნათურაშია იმდენად მცირეა, რომ მას არ შეუძლია ზიანი მოგაყენოს. ზაფხულში და არამარტო ზაფხულში, მზისგან იღებ ულტრაიისფერი გამოსხივების ისეთ ნაწილს, რომელსაც არც ერთი საშრობი ნათურა არ გამოყოფს 10 წლის უწყვეტი მუშაობის შემდეგაც კი, არათუ შილაკის რამდენიმეწუთიანი გაშრობით. შილაკის საშრობ ნათურას ფიზიკურად არ შეუძლია ისეთი სერიოზული დაავადების გამოწვევა, როგორიც კიბოა.
მითი 3. ბაზის, ზედა და ფერის საფარი უნდა იყოს ერთი და იგივე ბრენდის
ხშირად გვირჩევენ სამივე საფარის გამოყენებას ერთი ბრენდისგან, იმის მტკიცებით, რომ ამ გზით მანიკიური უფრო დიდხანს რჩება ფრჩხილებზე. რეალურად კი, მთავარია ყველა პროდუქტი ერთმანეთთან იყოს თავსებადი და შილაკი გაგვიკეთოს პროფესიონალმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამ სხვადასხვა ბრენდს გამოიყენებს, საფარი 3–4 კვირამდე შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
მითი 4. ფრჩხილები უნდა შევასვენოთ შილაკისგან
ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ფრჩხილები უნდა „ასუნთქოს“ შილაკსა და შილაკს შორის, სასეირნოდაც უნდა გაიყვანოს, ოღონდ, ხელი აღარ გაიშვიროს წინ და აღარ იკითხოს: – ჩემ ბატებს აქეთ ხომ არ ჩამოუვლია?
– როგორ? შილაკი, აბა, ჰაერს და ჟანგბადს ატარებს? – მკითხავს ახლა ზოგი ასევე გულწრფელად და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, არც აქვს მნიშვნელობა ატარებს, თუ არა, რადგან, რეალობა ისაა, რომ ფრჩხილი არ „სუნთქავს“, დიახ, არც შილაკით და არც უშილაკოდ არ „სუნთქავს“. ფრჩხილი შედგება გარქოვანებული უჯრედებისაგან და იგი თითების დამცავი ფირფიტებია, ფრჩხილი თავად არ ატარებს ჰაერს, არ სუნთქავს ისედაც, იგი კაპილარული სისტემის მეშვეობით, სისხლთან ერთად იღებს მისთვის აუცილებელ ნივთიერებებს და ჟანგბადს. ამიტომ, ლაქით, ან მის გარეშე, სუფთა ჰაერი და ჟანგბადი მასზე რაიმე დადებით ან უარყოფით გავლენას ვერ ახდენს.
მითი 5. ორსულობის დროს შილაკი არ შეიძლება
ეს მითი თავის მხრივ, ორ მითს აერთიანებს, პირველი, თითქოს შილაკიდან სხეულში ხვდება ტოქსიკური ნივთიერებები: როგორც ზემოთ გითხარით, ფრჩხილი თავადაა დამცავი ფირფიტა და მისგან სხეულში არ ხვდება ნივთიერებები, პირიქით, სხეულიდან იღებს საჭირო ან ზოგჯერ, არასაჭირო ნივთიერებას. შესაბამისად, რომ შეიცავდეს შილაკი ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორც ამას ანტიშილაკისტები ამტკიცებენ, სხეულში ტოქსინები ვერ მოხვდებიან ამ გზით. გარდა ამისა, პირველი ფენა, შილაკის გაკეთებისას, არის ბაზისური, ანუ, ფრჩხილსა და ლაქს შორის, კიდევ ერთი დამცავი შრეა.
და მითის მეორე ნაწილი –შილაკი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს: თანამედროვე გელ–ლაქების უპირატესობა სწორედ ისაა, რომ არ შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. კოსმეტიკის ბაზარზე შესვლამდე ნებისმიერი კომპანიის პროდუქცია გადის უამრავ შემოწმებას – დოკუმენტურ თუ ლაბორატორიულს. ფიზიკურად ვერ გახდებით გელის ლაქების ბრენდი, თუ შემადგენლობა შეიცავს მინიმუმ რამდენიმე მავნე ინგრედიენტს. ასე რომ, გელის ლაქები სრულიად უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ასევე ძუძუთი კვების დროს.
მითი 6 – შილაკი აღადგენს დაზიანებულ ფრჩხილებს
შილაკი საშუალებას გაძლევს უპრობლემოდ გაიზარდო ფრჩხილების სიგრძე, იცავს მათ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ზემოქმედებისგან და ხელს უშლის მტვრევადობას. დიახ, აქ მთავრდება მისი დადებითი ეფექტი – მას არავითარი სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. თუ შენი ფრჩხილები დაზიანდა, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართო და არა შილაკის პროცედურას.
რა აზიანებს რეალურად ფრჩხილებს?
შილაკის საფარის თვითმოცილება:
როცა თავად, ან არაპროფესიონალთან უხეშად იცილებ შილაკის ფენებს, ნამდვილად დიდი რისკი, ფრჩხილების დაზიანების. სწორედ, მისი არაპროფესიონალური მოცილება იწვევს ფრჩხილების გათხელებას, ან აქერცვლას.
მოდი, სანამ თავად არ მომშორდება, ვატარებ:
გელის ლაქების არც ერთი მწარმოებელი გირჩევს შილაკის ტარებას 3, მაქსიმუმ 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი. ფრჩხილი იზრდება, მას მთელ სიგრძეზე თანაბარი გამაგრება სჭირდება, გადაზრდილ, გამაგრებულ ნაწილს “ბერკეტის” მსგავსად შეუძლია მოქმედება და შეიძლება გამოიწვიოს გაუმაგრებელი ნაწილის დაზიანება, გატეხა, მაგალითად.
უხარისხო მასალები, უცნობი კომპანიები და იაფი სახარჯო მასალები პოტენციურ საფრთხეა:
მაგალითად, პროდუქტებმა, რომლებიც ძალიან მჟავე ფუძეებს შეიცავს, შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების გათხელება. ასე რომ, პროფესიონალის არჩევისას, ამითაც იხელმძღვანელე, – ჰკითხე, რა მასალებს იყენებს.
გამოუცდელი ოსტატები:
ხშირად მსმენია ხოლმე, იცი რა, უფრო იაფია, ან სახლთან ახლოსაა, ან, ამ ერთხელ რა მოხდა, ან, მეჩქარებოდა და რა მექნა? ვისაც ეცალა, იმასთან გავიკეთე. სჯობს არ გაიკეთო იმ დღესვე, სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, ვიდრე, იმ ერთხელ არაპროფესიონალთან, სჯობს, სახლი გამოიცვალო, თუ ახლოს უნდა იყო პროფესიონალთან, სჯობს, ძვირი გადაიხადო, რადგან, ვინც ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე არაპროფესიონალიზმის ხარჯზე ზოგავს, ის ყოველთვის მეტს იხდის.
და მაინც, რატომ შილაკი და არა კლასიკური ლაქი?
რამდენჯერ უნდა მოგეშორებინა და წაგესვა ლაქი 3–4 კვირაში? რამდენი დრო უნდა დაგეხარჯა? და თუ სახლი გაქვს დასალაგებელი, ქვაბი გასახეხი, ან ყვავილისთვის მიწა გამოსაცვლელი? დარწმუნებული ხარ, რომ იმავე დღესვე არ გაგიფუჭდება კლასიკური ლაქი? შილაკის შემთხვევაში, 3 კვირა გარანტირებულად მოვლილი და მოწესრიგებულია ფრჩხილი, ლამაზი და ისეთივე ფერადი, როგორც პირველივე დღეს.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი ზემოთ, შილაკი საშუალებას გაძლევს უპრობლემოდ გაიზარდო ფრჩხილების სიგრძე, იცავს მას საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ზემოქმედებისგან და ხელს უშლის მტვრევადობას.
და ბოლოს,
რა არის მთავარი შილაკის პროცედურის დასაგეგმად?
უკვე ვთქვი, რომ ხარისხიანი ლაქი აუცილებელია, მაგრამ იგივე ხარისხიანი ლაქით, დიდი წარმატებით შეგიძლია თავად, ან არაპროფესიონალთან, უხარისხოდ გაიკეთო შილაკი, ან მოხსნისას, ფრჩხილი დაიზიანო, ამიტომ, მთავარი პროფესიონალის პოვნაა, იქნება ეს სალონში მომუშავე ხელოსანი, თუ პირი, რომელიც ბინაზე მოსვლით გემსახურება. არ დაგავიწყდეს განცხადებების ბოლოს კომენტარების წაკითხვა, რადგან ვერანაირი დიპლომი, სერტიფიკატი და ჯილდოები ვერ გადაწონის იმ ადამიანთა რეკომენდაციებს, რომლებიც პირადი გამოცდილებით გირჩევენ.