აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დაკავებული არ ყოფილა. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციამ ის ისე გადაიყვანა განყოფილებაში, რომ ადგილზე არ აუხსნიათ ამის საფუძველი, რის გამოც სადიგოვის ახლობლებს ეგონათ, რომ ის დააკავეს.“აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მილიციამ გაათავისუფლა. ჟურნალისტს ამ წუთებში ველაპარაკეთ და ამბობს, რომ ქუჩაში იყო, როცა მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ. შემდეგ მასთან მივიდა მილიცია და განუცხადა, რომ ის იძებნებოდა და მილიციის განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა. ადგილზე მას არ აუხსნეს გადაყვანის მიზეზი და მასაც და მის ნათესავსაც დაკავების შთაბეჭდილება შეექმნა.განყოფილებაში გაირკვა, რომ ის ძებნილთა სიაში ძველი საქმის გამო კვლავ იყო ასახული, რის გამოც მის მიმართ ამ სიიდან ამოშლისა და შესაბამისი შემოწმების პროცედურები გაატარეს. დაახლოებით 40 წუთში ის მილიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.ახლა ჟურნალისტი სახლშია, თუმცა ამ ეპიზოდშიც კარგად ჩანს, როგორი დაუცველობისა და შიშის რეალობაში ცხოვრობს ის ბაქოში”, – წერს მიქელაძე.სადიგოვის სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა.



