რატომ შეჩერდა „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესი?

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. სამხარაულის ბიუროს დასკვნით დახარვეზებულია განახლებული პროექტი, რომლის მიხედვითაც სარეაბილატაციო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწო, კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო ყოფილა იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც სადგური უნდა განახლებულიყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს წერს, განახლებული პროექტისთვის ახალი დასკვნის მომზადება გახდა საჭირო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პროექტის შესახებ დასკვნა 2024 წლის 29 აგვისტოს მოამზადა, თუმცა მისი შინაარსი შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.
„დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა თაღოვანი რკინა-ბეტონის მუდმივი სამაგრის არასაკმარისი შესწავლა… შეჩერებული რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების განახლება შესაძლებელი გახდება მხოლოდ განახლებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი საექსპერტო შეფასების მიღების შემდეგ“, – აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.
ახალი ექსპერტული დასკვნის მომზადებაც სამხარაულის ბიუროს დაუკვეთეს, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას ბიურომ 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ მათ მხოლოდ ნაწილის მოზმადება შეეძლოთ, რადგან: „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოაწყობილობების არქონის გამო“.
„აღდგენითი ღონისძიებების დეტალური პროექტის მომზადებას ესაჭიროება სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რაც განსაკუთრებით მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის ნაწილში საქართველოში არსებულ საექსპერტო-კვლევით ორგანიზაციებს ან არ აქვს ან ირიდებენ თავს შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებისგან ობიექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით…
ჩასატარებელი მომსახურების კომპლექსურობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაც კი ვერ განხორციელდა საჭირო კვლევების ჩატარება და აღდგენითი ღონისძიებების პროექტის მომზადება“, – მიწერა სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს.
სააგენტომ კომპანიას უფლება მისცა კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარების კვლევაში 382 065 ლარი დახარჯოს. კვლევა ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა ჩატარდეს. რომელ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებისთვის უცნობია – თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
· „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვე გაგრძელდა;
· დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამი წელი გაგრძელდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა 2024 წლის 21 ივნისს ამოიწურა – 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა მ თქვა, რომ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია იმ წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.