რატომ შემცირდა ცხვირის ექსპორტი? – ფერმერის განმარტება

„აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილი ცოცხალი ცხვრის ექსპორტის შემცირებას რეექსპორტის კლებით ხსნის. როგორც ფერმერი “საქმიან დილაში” ექსპორტის 5 თვის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრისას განმარტავს, ამ პერიოდში კი ცხვრის ექსპორტი ძირითადად იმპორტირებული საქონლის რეექსპორტით ხდება.
„გაზაფხულობით ჩვენ სარეალიზაციო ცხვარი არ გვყავს. დოლი გვაქვს იანვარ-თებერვალში, შესაბამისად პატარები არიან. ამ წელს იანვარ-თებერვალში დაბადებულები ახლა გავლენ ექსპორტზე. წინა წლებში რაც გავიდა, ის არის მორჩენილი სულადობა.
წინა წლებში უფრო მეტად შემოდიოდა და შესაბამისად საქართველოდან ცხვარი უფრო დიდი რაოდენობით გადიოდა. იმპორტი და ექსპორტი რომ შევადაროთ რამდენია, ნახავთ რომ ქართული სულადობა 250-იდან 300 ათას სულამდეა წელიწადში. ეს არის ჩვენი რიცხვი, დანარჩენი 400-450 ათასია ის, რომელიც იმპორტით შემოდის და შემდეგ რეექსპორტზე გადის”, – აღნიშნავს ბექა გონაშვილი.
ფერმერი საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის კლებაზეც საუბრობს და ამბობს: “რაც შეეხება ქვეყნების რაოდენობის შემცირებას, ერაყში მაგალითად, იმიტომ არ გადის, რომ წინა წლებში გადიოდა აზერბაიჯანის გავლით. ხოლო 2023-ის დეკემბრიდან ირანმა ტრანზიტი აკრძალა და თითქმის 1 თვეა ისევ დაუშვა. ამიტომ ვფიქრობთ, წელს შესყიდვები ნელ-ნელა დაიწყება. ცოცხალ წონაზე ფასი დღეს 10 ლარის ფარგლებშია”.
ბექა გონაშვილი მიმდინარე წელს ცოცხალი ცხვრის სულადობის მაჩვენებელს ამახვილებს ყურადღებას და შემცირებას პროგნოზირებს.
“წელს უფრო ნაკლები სულადობის ცხვარი გვეყოლება, რადგან ცხვირის ჭირია მოდებული, რომელიც მოზარდ ბატკნებზე ვრცელდება. ამის გამო ვფიქრობ, რომ ქართული ცხვრის სულადობა 10-15%-ით ნაკლები იქნება. ეს დაავადება პირველად 2016 წელს დაფიქსირდა. მაშინ სახელმწიფომ აცრები დაიწყო და შემდეგ ნელ-ნელა შემცირდა. ისეთ რეგიონში ვართ, სადაც რისკები მაღალია. ამ კუთხით სურსათის უვნებლობის მობილიზება ქვეყანაში უფრო მეტად უნდა მოხდეს და საკარანტინე ზონები გაკონტროლდეს“, – განაცხადა გონაშვილმა.
2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. იანვარ-მაისში ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ 991 ათასი დოლარის ღირებულების 308 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი ქვეყანას 88.1%-ით, ხოლო გაყიდული ცხვრის მოცულობა 85.4%-ით შემცირდა.
ამასთან, სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს ცხვარი ექსპორტზე მხოლოდ წლის დასაწყისში იანვარში, თებერვალსა და მარტში გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ყოველთვიურად გადიოდა. შემცირებულია საექსპორტო ქვეყნების არეალიც. 5 თვეში ცხვრები მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიტანეთ. ეს ქვეყნებია:
კატარი – $571 ათასი, 152 ტონა;
– $396 ათასი, 143 ტონა;
აზერბაიჯანი – $23 ათასი, 13 ტონა;