ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. იურისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რისკებს შეიცავს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიურომ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად ცნო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ამ ფაქტმა და მოსალოდნელმა მოვლენებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
“ნეტგაზეთმა” გადახედა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, მის შექმნის წინაპირობებსა და ხელმძღვანელს, რომლის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ამ პოზიციაზე რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნამდე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს შეიქმნა. მისი პასუხისმგებლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად, საჯარო დაწესებულებებში სავარაუდო კორუფციულ საქმიანობის გამოვლენაა. ასევე, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციებისა და პარტიების ფინანსური დოკუმენტების მონიტორინგი.
ეს უკანასკნელი ფუნქცია ბიუროს მისი შექმნის საპარლამენტო განხილვის ფაქტობრივად ბოლო ეტაპზე, მეორე მოსმენისას დაემატა. იქამდე პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მოვალეობა იყო.
“ქართული ოცნება” ახალი სსიპ-ის [საჯარო სამართლის იურიდიული პირი] შექმნას ევროკავშირის 12-პუნქტის შესრულების მოტივაციით ხსნიდა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პირობებიდან ერთ-ერთ, მე-4 სწორედ კორუფციის პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას გულისხმობდა.
“გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრად განხილვის მიზნით”, – ეწერა ევროკავშირის 12-პუნქტიან დათქმაში.
თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ფიქრობდა, რომ ამ დათქმის შესასრულებლად სახელმწიფოს უფრო ქმედითი და რეალურად ხელშესახები ნაბიჯები უნდა გადაედგა, ვიდრე “მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფაა”.
ერთ-ერთი, ვინც ანტიკორუფციული ბიუროს ამ ფორმით შექმნას ეწინააღმდეგებოდა, სწორედ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იყო. მათ ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვის პროცესში განაცხადეს, რომ “რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას”. მათივე შეფასებით, რეფორმა არ პასუხობდა ევროკავშირის მოთხოვნას.
საბოლოოდ, პარლამენტმა ბიურო 78 დეპუტატის მხარდაჭერით, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მიიღო. ევროკავშირმა კი ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ბიუროს მიმართ მისი შექმნისთანავე გაჩნდა, ეხება მის დამოუკიდებლობას. მართალია, ოფიციალურად უწყება პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, თუმცა მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
ის, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა/მოხსნა “დიდწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაშია” უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, კომისიამ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესის ცვლილების რეკომენდაცია გასცა. კომისა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს პარლამენტი ამტკიცებდეს და აირჩეოდეს სხვადასხვა პარტიის მხარდაჭერით კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ასევე, პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდეს მისი დროზე ადრე გადაყენების უფლება.
მოქმედი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მის შესარჩევ კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე ხელმძღვანელობდა.
ჯაველიძის გარდა, კომისიაში იყვნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მაშინდელო თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი [იმ დროისთვის] თამარ გვარამაძე და მხოლოდ ერთი ადამიანი სამოქალაქო სექტორიდან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.
41 წლის რაჟდენ კუპრაშვილი ბიუროს ხელმძღვანელად 2023 წელს, 6 წლის ვადით დაინიშნა. ანტიკორუფციულ ბიურომდე ის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელობდა. მან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს მიიღო, 2023 წელს კი დაასრულა დოქტორანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორივე – იურიდიული მიმართულებით.
რაჟდენ კუპრაშვილის მრჩეველია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენი, ვასილ ბაბლუანი. მის შესახებ ინფორმაცია თავად ბიუროს ვებ-გევრდზე არ იძებნება. თუმცა, მისი საქმიანობისა და მმართველ პარტიასთან კავშირების შესახებ ვრცელი მიმოხილვა გამოაქვეყნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”.
TI-ს ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დანიშვნამდე, ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ქართულ ოცნებას” ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. ის “საპარტნიორო ფონდისა” და “აწარმოე საქართველოს” ბენეფიციარი იყო და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტისთვის სახელმწიფოსგან მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. 2018 წელს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანმა 1 ლარად მიიღო იქამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი კასპში. სანაცვლოდ მას იქ 492 912 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რომლის ვადა სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.
ვასილ ბაბლუანის ბიზნესებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის სავარაუდო კორუფციულ ნიშნებზე საუბრობდნენ “სტუდია მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტებიც.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიუროს მუშაობას არაეფექტიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას, გამოძიების შესაძლებლობის არარსებობაა. გარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ამაზე საუბარი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტში, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა.
კომისიის შეფასებით, „ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს ბიუროს სათანადო დამოუკიდებლობას, ხოლო მისი უფლებამოსილება პოლიტიკური პარტიების ფინანსებისა და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების დეკლარაციებისა და ქონების მონიტორინგში ითხოვს დამატებით დაცვით მექანიზმებს [უწყებისთვის]”.
სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ გამოძიების ფუნქციის გარეშე, მხოლოდ მონიტორინგის შესაძლებლობით, ანტიკორუფციული ბიურო, ეფექტიანად ვერ იმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ
ერთია ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უწყებას ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობას მისცემს და მეორე – პოლიტიკური ნება, რომ არსებული კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს კორუფციის გამოვლენისა თუ პრევენციისთვის.
ბიუროს შექმნიდან დღემდე სავარაუდოდ კორუფციული ნიშნების შემცველი არაერთი საქმე გახმაურდა. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება. მოგვიანებით ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა საკუთარი შვილი აშშ-ში, უნივერსიტეტში სამთავრობო თვითმფრინავით, თუმცა საკუთარი, უფრო ზუსტად – მამის ხარჯებით წაიყვანა.
საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, საიდან ჰქონდა პენსიონერ ტარიელ ღარიბაშვილს არა მხოლოდ შვილიშვილის უნივერსიტეტში სამთავრობო თვითმფრინავით გაფრენის ხარჯების ანაზღაურების ფული, არამედ როგორ აჩუქა მან საკუთარ პრემიერ-მინისტრს შვილს 150 000 ლარი. ამის დადგენას გამოძიება სჭირდება, რომლის შესაძლებლობა ანტიკორუფციულ ბიუროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ აქვს, მაგრამ უწყება ამ საკითხზე საჯარო კომენტარიც კი არ გაუკეთებია.
სამაგიეროდ, წელს ბიურომ დაგეგმილზე მეტი საჯარო მოსამსახურის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება გადაწყვიტა. ოღონდ, ყველა მათგანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია.უწყებაში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართვის საფუძველზე მიიღეს. თუმცა ვინ ან რა საფუძვლით მიმართა ბიუროს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატების შემოწმების მოთხოვნით, უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის განმავლობაში შესამოწმებელ 300-კაციან სიაში არ შედიან ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიც არიან ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები — ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები.
მართალია, ამ სიაში მოხვდა მოსამართლეთა ნაწილი, მაგრამ მათგან 4-მა საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება სასამართლოს გზით გააჩერა.
აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ, ასევე სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ ოქმის ბათილად ცნობა მოსთხოვეს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციული ბიურო მათი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავდა. სასამართლომ მოსამართლეები სარჩელი დააკმაყოფილა და ბიუროს მათი შემოწმების საშუალება წაართვა.
მომხდარი დეკლარაციების შემმოწმებელი კომისიის წევრმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა გაასაჯაროვა. IDFI ბიუროს მოუწოდებდა გაესაჯაროებინა მოსამართლეთა სარჩელები, სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და სხვა საჭირო ინფორმაცია საზოგადოების ინფორმირებისთვის. თუმცა, ანტიკორუფციული ბიურო არც ამ ფაქტს გამოხმაურებია.