რატომ ესხმის თავს „ოცნება“ გერმანიის ელჩს – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

„ფიშერის განცხადებები გულზე ხვდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით,“ – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე – რატომ ესხმის თავს „ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს.

რატომ არის პეტერ ფიშერი „ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე? – პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, „ოცნება“ მოქმედებს ს დაკვეთით და აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ევროპაში მეგობრები აღარ ჰყავდეს.

ზაალ ანდრონიკაშვილის დაკვირვებით, მნიშვნელოვანია ელჩის, პეტერ ფიშერის პერსონალური გამბედაობა, თუმცა „ეს არის პირდაპირი გამოხატულება გერმანიის საგარეო პოლიტიკისა საქართველოს მიმართ… პეტერ ფიშერის ზურგს უკან დგას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საგარეო პოლიტიკა – სრულიად გამიზნული და მიზანდასახული,“ – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

  • ბატონო ზაალ, თქვენი აზრით, რატომაა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის განსაკუთრებული სამიზნე? 28 სექტემბერს თბილისში გაიმართა უშუალოდ ელჩის მხარდასაჭერი და ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში. 

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო მარშს და გერმანიის საელჩოს, რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ძალიან დიდ მეგობრობას უწევს საქართველოს, განსაკუთრებით ამ ძალიან რთულ პერიოდში.

„ქართული ოცნების“ რამდენიმე ფიგურა, როგორც იცით, გერმანიასთან არის დაკავშირებული, მათ დაიცვეს დისერტაციები გერმანიაში და, როგორც ჩანს, ჰქონდათ ამის იმედი, რომ შეძლებდნენ გერმანია დაერწმუნებინათ თავიანთი პოლიტიკური კურსის სისწორეში.

ალბათ გემახსოვრებათ კობახიძის ვიზიტი გერმანიაში, როდესაც ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ცდილობდა დაერწმუნებინა მაშინდელი კანცლერი იმაში, რომ ე.წ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც გერმანიასაც მიაჩნდა არამართებულად, თითქოს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ გერმანიის ამაში დარწმუნება მ ვერ შეძლო.

გემახსოვრებათ ისიც, რომ მკვეთრად შეიცვალა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამოკიდებულება გერმანიის მიმართ. დაიწყო თავდასხმები გერმანიის ელჩზეც და ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რამდენჯერმე უწოდა გერმანიის ელჩს საქართველოში „ეგრეთ წოდებული ელჩი“.

არამეგობრული ნაბიჯებისა და ძალიან არამეგობრული რიტორიკის მთელი კასკადი, როგორც „ქართული ოცნების“ წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისგან, ასევე, შედარებით მეორე რანგის პოლიტიკოსების მხრიდანაც დამთავრდა იმით, რომ გერმანიის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით – ეს არის არამეგობრული ნაბიჯი, ანუ ეს არის დიპლომატიურ ენაზე სანქცია, რომელიც მიმართულია, როგორც წესი, არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი გერმანიის მიმართ და ამავდროულად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ელჩს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სამთავრობო პარტია „ქართული ოცნების“ სტაბილურად აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ის ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.

ევროკავშირის ელჩის მიმართაც კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი განცხადებები, ასევე ბრიტანეთის ელჩის მიმართ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ისიც დაიბარეს საგარეო უწყებაში…

ეს ნაბიჯები პირდაპირი გამოხატულებაა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკისა. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ ეს, როგორც მათი პოლიტიკის მარცხი ან ჩავარდნა, არამედ პირდაპირ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა – საქართველო მთლიანად მოსწყვიტოს ევროპას.

  • ევროპულ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული სამიზნე არიან „ოცნებისთვის“ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები, ასევე საფრანგეთის უკვე ყოფილი ელჩი. ეს პირდაპირ უკავშირდება ამ ელჩების ძალიან მწვავე შეფასებებს „ოცნების“ მიმართ?

რა თქმა უნდა. ვიცით, რომ გერმანია და საფრანგეთი წამყვანი ქვეყნები არიან ევროკავშირში და მათი პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს საელჩოები და განსაკუთრებით გერმანიის საელჩო ხდება ამ განცხადებების სამიზნე.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი პეტერ ფიშერი ძალიან აქტიური ელჩია. ის ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს ხოლმე თავის პოზიციებს, სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებსაც ესწრება, გერმანიის ელჩის განცხადებები „ქართული ოცნების“ გაღიზიანებას იწვევს და „ოცნება“ არც მალავს ამ გაღიზიანებას. ისინი სრულიად აბსურდულად, ელჩს ბრალს სდებენ ვენის კონვენციის დარღვევაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სრული აბსურდია – არანაირი ვენის კონვენციის დარღვევა ეს არ არის და ელჩი სრულიად არის უფლებამოსილი, მაგალითად, შეხვდეს, როგორც მთავრობის, ისევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ეს პოლიტიკა მთლიანად არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველო მაქსიმალურად დააშორონ ევროკავშირს.

პერსონალური მომენტიც, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გასულ წლებში გერმანიას ჰყავდა ელჩები, რომლებიც ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილნი საქართველოს მთავრობის მიმართ და „ქართული ოცნების“ მიმართ.

თუმცა ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველგვარი პერსონალიზაციის მიღმა გერმანიის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის ძალიან ფრთხილი, მაქსიმალურად ფრთხილი და ის, რომ გერმანიის ელჩი იქცევა ისე, როგორც იქცევა, ეს არის პირდაპირი გამოხატულება გერმანიის საგარეო პოლიტიკისა საქართველოს მიმართ. ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მყარი, აბსოლუტურად ურყევი მხარდაჭერის გარეშე დიდი ალბათობით გერმანიის ელჩი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს არის ელჩის პირადი ინიციატივა. ეს არის გერმანიის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც წარმოადგენს საქართველოში დღეს ელჩი – პეტერ ფიშერი და მის ზურგს უკან დგას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საგარეო პოლიტიკა – სრულიად გამიზნული და მიზანდასახული.

  • რა როლი შეიძინა, თქვენი დაკვირვებით, გერმანიის ელჩის შეფასებებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში? 

ცხადია, რომ ფიშერის განცხადებები ძალიან ნეგატიურად ხვდება გულზე „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს. მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გრძნობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში და ამ დაპირისპირებაში არ ვართ მიტოვებული „ქართული ოცნების“ ამარა და რომ ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ჰყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე და ისტორიული, ტრადიციული მეგობარი გერმანიის სახით.

  • ივანიშვილი რა გათვლით მოქმედებს ამ დროს, როცა ის თავს ესხმის გერმანიის ელჩს?

ეს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკაა „ქართული ოცნების“ და ამ პოლიტიკის მიზანია საქართველო მაქსიმალურად ჩამოაშოროს ევროკავშირს, მთლიანად დაუხუროს მას ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ნათლად ამოსაცნობი მიზანია, თუ შევხედავთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, იქნება ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში.

  • მაგრამ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა არის ევროინტეგრაცია და ეს კარგად იცის ივანიშვილმაც. სავარაუდოდ ამიტომაც ჯერ კიდევ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ოცნება“ ვერ ამბობს ღიად, რომ საქართველომ ევროპულ ინტეგრაციაზე აღარ უნდა იფიქროს.

დიახ, პირდაპირ ამას ვერ ამბობს, ჯერჯერობით რიტორიკის დონეზე არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი, ჩვენ გვინდა ევროპა, ოღონდ ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ჯერ არ არის…

პრაქტიკულ დონეზე კი, „ოცნების“ ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაშორდეს.

ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხდება არა ერთი ძლიერი დარტყმით – როგორც ეს იყო, მაგალითად, ში იანუკოვიჩის დროს – იმიტომ რომ იციან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძაფრი რეაქცია, არამედ ეს ხდება პატარ-პატარა ნაბიჯებით, მათ შორის ასეთი ნაბიჯებით, რაც არის ელჩებზე თავდასხმა.

„ქართულ ოცნებას“ ასევე აქვს გათვლა, რომ ევროპასთან დაშორება გაასაღოს ისე, თითქოს ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და არა საქართველოს.

  • „ოცნება“ ამ ეტაპზე ცდილობს, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები წარმოადგინოს, როგორც „რადიკალური დღის წესრიგის“ წამხალისებლები. ეს რაზე მიუთითებს? 

ეს სუფთა რუსული ნარატივია. ეს არის ის, რასაც ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რაც ახლაც თქვა გაეროში ლავროვმა. რუსული საინფორმაციო და პროპაგანდისტული არხებიდან გვესმის მუდმივად, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, არ არის რუსეთის ბრალი, არამედ არის ევროკავშირის ბრალი, რომ თურმე რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე და ევროკავშირის მხრიდან მათი ჩამოგდების მუქარა, არის ესკალაცია არა რუსეთის მხრიდან, არამედ ევროკავშირის მხრიდან.

პირდაპირ ვხედავთ, რომ გადაბრალება ევროპაზე, ევროკავშირზე რადიკალიზმისა და რაღაც არამეგობრული ნაბიჯებისა – ეს არის რუსული საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“.

  • თქვენი აზრით, ევროპული სახელმწიფოების ელჩებზე თავდასხმაც რუსეთის მითითებით ხდება?

დიდი ალბათობით, ასეა.

პრინციპში ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მოქმედებს დიდი რუსული ჩარჩოს შიგნით.

ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მიმართული იმაზე, რაც აწყობს რუსეთს და არის მიმართული საქართველოს სუვერენული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელშიც პირდაპირ არის ჩაწერილი ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

  • რას ნიშნავს საქართველოსთვის გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭება და რა შანსია უკვე დაზიანებული ურთიერთობის გამოსწორების? 

ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ჩვენ ვსხედვართ.

ივანიშვილი გვაშორებს ჩვენს მეგობრებს და ცდილობს, დაგვაახლოვოს საქართველოს მტრებთან. აი, ეს ემუქრება საქართველოს.

საქართველო იქნება ქვეყანა, რომელსაც აღარ ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები.

გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა მეორე რესპუბლიკის დროს. გერმანიაზე მყარი და ერთგული პარტნიორი საქართველოს არ ჰყოლია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება 1918 წელს, პირდაპირ არის დაკავშირებული მაშინდელი გერმანიის მხარდაჭერასთან.

გერმანია არის ჩვენი საკვანძო პარტნიორი ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოსთვის არის უკიდურესად საზიანო.

ყველამ, ვინც ლაპარაკობს გერმანიის სახელით, არაერთხელ და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. გასაგებია ცალსახად, რაზეა ლაპარაკი: ვის უჭერს მხარს გერმანია და ვის – არა.

ის, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არ ნებდება, იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის, ეს, რა თქმა უნდა, აძლევს საფუძველს და ენერგიას ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ უჭერდნენ მხარს ქართველ ხალხს. არავინ რომ ხმას არ იღებდეს, გერმანიის და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უკვე სხვაგვარი იქნებოდა. ისინი ჩათვლიდნენ, რომ ქართველი ხალხიც ეთანხმება მთავრობას, რომელიც ახლა ჰყავს და მის საგარეო კურსს.

მაგრამ რადგანაც ეს პროტესტი არსებობს, რადგანაც არსებობს ისეთი ხალხი, როგორიც არის მზია ამაღლობელი, რომელიც სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში, ციხეში არიან სინდისის სხვა პატიმრები, ეს ყველაფერი აძლევს საფუძველს ევროკავშირის ქვეყნებს და კონკრეტულად გერმანიას, რომ მხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის.

გერმანია ყოველთვის მზად არის, სრულიად აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან. როგორც კი საქართველოს პოლიტიკა შეიცვლება, იმ წუთასვე საქართველოს კვლავ გაეხსნება ევროპული პერსპექტივა და გერმანია, როგორც ახლა, დარჩება საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრად.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ