რატომ ედავება შსს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ კიკნაძეს ადმინისტრაციულ დარღვევას – ადვოკატის შეფასება

დღეს, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძის შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომა გაიმართა.
კიკნაძის ინტერესების დამცველის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობით, პროცესი გადაიდო. ის ფიქრობს, რომ -მ დაკავებულის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დარღვევის საქმე მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დასამძიმებლად დასჭირდა.
შსს კიკნაძეს, რომელიც ზუსტად 2 თვის წინ, 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს, დაკავებამდე ორი კვირით ადრე, 25 ნოემბერს სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევას, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს მტკიცებით რევაზ კიკნაძეს რუსთაველის გამოძირზე მიმდინარე აქციის დროს ხელში ქვა ეჭირა.
“რევაზ კიკნაძე უკანონოდ დაკავებული არის სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა], სადაც მტკიცებულებები არის გაყალბებული და ედავებიან, თითქოს აქციაზე რაიმე [უკანონო] მოქმედებები განახორციელა. ჩვენ წარმოვადგინეთ სხვა მტკიცებულებები და მოწმეები, რომლითაც დასტურდება, რომ მთელი ქეისი არის გაყალბებული. როდესაც ბრალდების მხარე ამ მოცემულობის წინაშე დადგა, რევაზ კიკნაძის საქმის დამძიმებას ცდილობენ ადმინისტრაციული საქმის დამძიმების ფარგლებში”, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა სხდომის დაწყებამდე.
მართალია, პროკურატურისა და შსს-ს ვერსიებით, კიკნაძის მიერ სავარაუდო დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენის თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა – სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა მან 29 ნოემბერს მიიღო, ხოლო შსს აქციზე ქვის ხელში დაჭერას 25 ნოემბერს ედავება, მაგრამ ადვოკატი განმარტავს, რომ ამით მისი პიროვნების შესახებ წარმოდგენის შექმნა უნდათ.
“წარსულ ცხოვრებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იქ [სისხლში] რომ ედავები ქვის სროლას და აქ, ადმინისტრაციულში, ქვის ტარებას, მის პიროვნებას უსვამ ხაზს ამით. სასჯელის დანიშვნის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იქნება. ასევე, მოსამართლეს შეუძლია დაუმძიმოს – სანქცია მეტი მისცეს”, – ამბობს ავსაჯანიშვილი.
სხდომაზე ადვოკატმა სამი შუამდგომლობა დააყენა – ორჯერ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის აცილება მოითხოვა, მესამედ კი – სხდომის გადადება. შსს-ს წარმომადგენელი არცერთ ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. რაც შეეხება მოსამართლეს, მან მისი აცილების შესახებ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. თუმცა, სხდომის გადადებას დათანხმდა.
მოსამართლის აცილების მოთხოვნა ავსაჯანიშვილმა სამ გარემოებას დააფუძნა:
· მიკერძოებულობა
ადვოკატის თქმით, საქმის მასალებზე წვდომის უფლება მან ორი დღის წინ, 4 თებერვალს მოითხოვა. თუმცა, მოსამართლემ მას ამის შესაძლებლობა არ მისცა. ავსაჯანიშვილის განმარტებით, მოსამართლის თანაშემწესთან ჰქონდა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი კომუნიკაცია საქმეში არსებულ ვიდე-მტკიცებულებაზე წვდომის შესახებ.
საბოლოოდ, მან ვიდეო გუშინ, 5 თებერვალს, საღამოს საათებში მიიღო. სხდომა კი დღეს, 6 თებერვალს, 11:30-ზე იყო ჩანიშნული. მან განცხადებაში მითითებული ჰქონდა, რომ ვიდეოზე წვდომა მისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად სჭირდებოდა. ამის საშუალება კი ფიზიკურად არ ჰქონდა.
ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის იყო მიკერძოებული და ამის გამო არ მისცა დროული წვდომა საქმის მასალებზე.
“4 რიცხვში უარი მითხარით საქმის მასალების გადმოცემაზე, 5-ში – გადმომეცით. არაფერი არ შეცვლილა. დამატებითა არცერთი დოკუმენტი არ წარმომიდგენია. შესაბამისად, მაინტერესებს – 4-ში დაუშვა სასამართლომ შეცდომა, თუ 5-ში”, – მიმართა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს.
· სტატისტიკა
ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, პროვევროპული აქციების დროს ადმინისტრაციულად დაკავებულ ყველა მოქალაქე, რომლის საქმეც მან განუხილა, სამართალდამრღვევად ცნო. ადვოკატის თქმით, ეს მისი მკერძოებულობის კიდევ ერთი არგუმენტია.
“თქვენ ხართ მოსამართლეთა იმ კატეგორიაში, რომელსაც სტატისტიკასაც ვიცნობ. რაც ეს პროცესები მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი [საქმის] შეწყვეტა არ გაქვთ სტატისტიკურად […] თქვენი სტატისტიკა, ბატონო მოსამართლევ, ისტორიას დარჩება. რამდენი საქმე განიხილეთ და ამ საქმეებიდან, ერთი მაინც თუ შეწყვიტეთ?”, – ჰკითხა მან მოსამართლეს.
· სანქციები
ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ლელა ცაგრეიშვილს შეახსენა, რომ ის იმ 6 მოსამართლეს შორისაა, რომელიც ესტონეთმა დაასანქცირა.
შსს-ს წარმომადგენელმა ადვოკატის მსჯელობა დაუსაბუთებლად მიიჩნია. იგივე გაიმეორა თავად მოსამართლე ცაგარეიშვილმაც. სანქციების შესახებ მან თქვა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართული მართლმსაჯულების სისტემაზე გავლენას ვერ მოახდენს. მის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკის საპასუხოდ, განმარტა, რომ ყველა საქმე ინდივიდუალურია და ის, რომ სხვა ყველა შემთხვევაში მან შსს-ს პოზიცია გაიზიარა და აქციაზე დაკავებული მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო, არ ნიშნავს, რომ მომავალშიც, მათ შორის, რევაზ კიკნაძის შემთხვევაშიც აუცილებლად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება საქმის მასალების მიწოდების შეფერხებას, მან ავსაჯანიშვილს უთხრა, რომ თავდაპირველად სასამართლოს არ ჰქონდა წერილობითი დოკმენტი იმის შესახებ, რომ ავსაჯანიშვილი ნამდვილად წარმოდგენდა კიკნაძის ინტერესებს. შემდეგ, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კიკნაძე იყო ციხეში და ადვოკატს მისცა საქმის მასალებზე წვდომა.
ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მეორედაც მოითხოვა ლელა ცაგარეიშვილის აცილება. მან მოსამართლეს მიუთითა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მის თანაშემწეს თავადავე მიწოდა. გარდა ამისა, მისი თქმით, სასამართლოდან კიკნაძისთვის გლდანის ციხეში გაგზავნილი შეტყობინება ვერ ჩაითვლება რელევანტურ არგუმენტად, რადგან მოსამართლემ კარგად იცის, რომ ციხეში კიკნაძის დისკის გახსნის და მასალების ნახვის შესაძლებლობას არ ჰქონდა. ციხის ადმინისტრაციას კი კიკნაძისთვის გაგზავნილი უწყება მისი ადვოკატისთვის არ გადაუგზავნია. გარდა ამისა, მან მოსამართლეს შეახსენა, რომ სხვა საქმის ფარგლებში, იდენტურ სიტუაციაში, ცაგარეიშვილმა მას უპრობლემოდ მისცა წვდომა საქმის მასალებზე.
ლელა ცაგარეიშვილმა მისი აცილების მოთხოვნა არც მეორედ დააკმაყოფილა. თუმცა, ამჯერად, გადაწყვეტილება აღარ დაუსაბუთებია.
ამის შემდეგ, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მესამე შუამდგომლობა დააყენა. მან სხდომის გადადება შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვა. ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან ითხოვს პასუხებს კითხვებზე – ნამდვილად რევაზ კიკნაძეა თუ არა ვიდეოში და ნამდვილად უჭირავს თუ არა ქვა ვიდეოში ასახულ პიროვნებას.
მან მოსამართლეს შეახსენა, რომ რევაზ კიკნაძეს ისედაც პატიმრობა აქვს შეფარდებული და საქმის გადადება არანაირ დამატებით პოტენციურ საფრთხეს არ შექმნის.
შსს-ს წარმომადგენელი არც ამ შუამდგომლობას დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ ამჯერად დაცვის მხარის არგუმენტაცია გაიზიარა და საქმის განხილვა 20 მარტამდე გადადო.
რაც შეეხება კიკნაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებას, ამ საქმის არსებითი განხილვა 5 მარტსაა დანიშნული. ეს ნიშნავს, რომ პროკურორებს – ვაჟა თოდუასა და გიორგი მუკბანიანს შემდეგ სხდომაზე არ ექნებათ კიკნაძის სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის არგუმენტად გამოყენების შესაძლებლობა.
სხდომის დასასრულს, სიტყვა მოითხოვა თავად რევაზ კიკნაძემაც. მან მოსამართლეს სთხოვა, მისთვის სიტყვა არ შეეწყვეტინებინა. მოსამართლემ განუმარტა, რომ მან მხოლოდ საქმის შესახებ საუბრის უფლება ჰქონდა. კიკნაძემ უთხრა, რომ საქმეზე ისაუბრებდა, ოღონდ რა კავშირი ჰქონდა მის ნათქვამს საქმესთან მოსამართლე საუბრის დასასრულს გაუგებდა და სთხოვა მისთვის ბოლომდე მოესმინა.
მან თქვა, რომ უნდოდა წამოეღო წიგნი – მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. მისი თქმით, წიგნის საუბარია დიქტატურაზე და იმაზე, რომ ყველა დიქტატორი ბოლოს რჩება მარტო და დამარცხებული. მოსამართლე კიკანაძეს საუბრის საშუალება არ მისცა. მას შემდეგ კი, რაც მისი გაჩუმება მანდატურებმა სცადეს, მან იყვირა – ცეცხლი ოლიგარქიას!
ამის შემდეგ რევაზ კიკნაძე დარბაზიდან გააძევეს და სხდომა მის გარეშე დასრულდა.
26 წლის რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მისი საქმე სასამართლო იგივე მუხლით ბრალდებულ 10 სხვა ადამიანის საქმესთან ერთად განიხილავს. თუმცა, კიკნაძე დაკავებამდე არავის იცნობდა მათგან, ვისთან ერთადაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებიან.
ის ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მას სცემეს. ასევე, აიძულებდნენ ეთქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებით მოქმედებდა.
დაკავების შემდეგ რევაზ კიკნაძე 12 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 20 იანვარს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა განაახლა და კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობდა.
ამავე თემაზე:
· ერთადერთი, რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვას არ მივიღებ — რეზო კიკნაძე
· რას წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში პროევროპული აქციის მონაწილე რეზო კიკნაძე