რატომ არ მიიღო შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა AK-Air Georgia-მ? – მიზეზები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ორივე ტენდერი ჩაიშალა. ამჟამად, ფრენების ყველაზე დიდი ნაწილის განმახორციელებელი კომპანია, “აკეარ ჯორჯია”-ს ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა bm.ge-სთან, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უარი თქვეს ტენდერში მონაწილეობაზე.
“ჩვენ, არ მივიღეთ მონაწილეობა იმიტომ, რომ არ განიხილავდნენ არც ერთ ალტერნატიულ აეროპორტს გარდა თბილისის აეროპორტისა. ჩვენ კი ყველა სერვისისთვის ნატახტრიდან ვართ მზად, 9 წელია ამაზე გვაქვს აწყობილი მთელი ინფრასტრუქტურა.
წერილიც გავგზავნეთ, კომუნიკაციაც გვქონდა, თუმცა პრინციპულად წინაპირობა იყო რომ ყველა ფრენა ყოფილიყო თბილისის აეროპორტიდან, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
მეორე წინაპირობა ის იყო, რომ 15-ადგილიან თვითმფრინავთან შეწყვილებული იყო 40 ადგილიანი თვითმფრინავი, რომელზეც გაწერილი მიმართულებების დაახლოებით 90% უკავშირდებოდა თელავის აეროპორტს, რომელიც არ იქნება ალბათ ამ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის დროის 70%-ში. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2025 წლის თებერვალ-მარტში იქნება თელავი რეისების მისაღებად მზად და ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა.
ეს ტენდერი დაახლოებით 20%-ით ზრდის ფრენის დროს, თბილისის აეროპორტის შემთხვევაში”, – განაცხადა განაცხადა ირინა მღებრიშვილმა bm.ge-სთან.
აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ნატახტრიდან ემსახურება, რომელიც მისი კუთვნილებაა. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა. ასევე თბილისი-ს შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ