2025 წლის დეკემბრიდან ყველანი განსაკუთრებული იმედით ველოდით 2026 წლის დადგომას. “მწვანე ხის გველმა” ბევრს დააწყვიტა ნერვები, “წითელი ცეცხლოვანი ცხენი” კი ნანატრ შვებას, თუ ბედნიერებას არა, სიმშვიდეს მაინც გვპირდება.
გასული წელი “განდეგილის” არკანის ქვეშ გადიოდა, რამაც თითოეულ ჩვენგანს აიძულა შენელებულიყო, განმარტოებულიყო და საკუთარ შიშებს პირისპირ შეხვედროდა. 2026 წელი კი “ბედის ბორბალის” განაცხადით მოდის – ის გვპირდება წინსვლას ყველა სფეროში, პოზიტიურ განწყობას და ძველი გეგმების აღსრულებას.
ასტროლოგები ერთხმად ამბობენ: ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ მაცივარზე წლის სიმბოლოს მაგნიტი უკვე მივაკარით, მაინც სკეპტიკურად ვუყურებთ ამ ყველაფერს. რატომ გვეშინია პოზიტიური პროგნოზების და ღირს თუ არა კრიტიკული აზროვნების ჩართვა? მოდით, ერთად გავარკვიოთ.
კარმული ძილიდან ბედნიერ აფეთქებამდე
ალბათ შეამჩნევდით, რომ “შავი ზოლი” კაცობრიობას 2020 წლიდან სდევს. ატმოსფერო სულ უფრო იძაბებოდა, გლობალური ნდობა იკარგებოდა. ასტროლოგებს ეს არც უკვირდათ, რადგან პანდემიის პერიოდს სატურნი-პლუტონის შეერთება დაემთხვა თხის რქაში.
2025 წელი ერთდროულად იყო კულმინაციაც და დასასრულიც. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სამყარო კოშმარული სიზმრიდან ვერ იღვიძებდა. ნეპტუნისა და სატურნის გადასვლამ ვერძში, შემდეგ კი თევზებში დაბრუნებამ, ბევრი ჩვენგანი გაურკვევლობაში დატოვა. ეს იყო “გენერალური რეპეტიცია” იმ დიდი სინათლის წინ, რაც 2026 წელს უნდა მოჰყვეს.
როცა ცეცხლი წყალს ანაცვლებს
პოზიტიური პროგნოზების მიმართ ეჭვი გასაგებია, თუმცა ასტროლოგიას უკვე აქვს მტკიცებულებები. მთავარი ფაქტორი წყლის სტიქიიდან ცეცხლზე გადასვლაა. ეს ნიშნავს, რომ საქმის გადადება წარსულში რჩება – გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე.
ადამიანები აღარ იგრძნობენ იზოლაციას და სერიოზულად დაფიქრდებიან თავიანთ როლზე საზოგადოებაში. კითხვას – “რა ხდება ამ პლანეტაზე?” – ჩაანაცვლებს კითხვა – “რა შემიძლია მე გავაკეთო?”. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, გიგანტი პლანეტები (პლუტონი, ნეპტუნი, ურანი და სატურნი) პოზიტიურ ასპექტებს ქმნიან, რაც კონსტრუქციული ეპოქის დასაწყისია.
ნეპტუნი და სატურნი ვერძში: გამოფხიზლების დროა
ბოლო ორი წელი ეს პლანეტები თევზებში იყვნენ – ილუზიების, “ფილტრების” და ფანტაზიების სამყაროში. ამიტომაც გახდა მისტიციზმი და ტარო ასეთი პოპულარული. თუმცა, ამავე დროს, დავიკარგეთ დეზინფორმაციაში და ხშირად მსხვერპლის როლს ვირგებდით.
26 იანვრიდან ნეპტუნი საბოლოოდ გადადის ვერძში, თებერვალში კი მას სატურნიც შეუერთდება. ეს კოლაბორაცია ხსნის დიდ 14 წლიან ციკლს, რომელიც ფანტაზიებიდან მიწაზე დაგვაბრუნებს. მომავალი აღარ იქნება აბსტრაქტული, მიზნები გახდება მკაფიო და გაჩნდება მათი სწრაფად მიღწევის მოთხოვნილება. ჩვენ ვიბრუნებთ საკუთარი ცხოვრების პატრონის სტატუსს.
იუპიტერი: ნახევარი წელი კირჩხიბში, ნახევარი – ლომში
ივნისის ბოლომდე: იუპიტერი კირჩხიბშია. ეს აძლიერებს კომფორტის, უსაფრთხოების და ფესვებთან დაბრუნების სურვილს. ბევრი დაინტერესდება საგვარეულო ისტორიით.
1 ივლისიდან: იუპიტერი ლომში გადადის. ეს არის “ფერადი აფეთქება” – ფუფუნების, ყურადღების ცენტრში ყოფნის და სიყვარულის ბუმი. გაგიჩნდებათ სურვილი, იბრწყინოთ, ეფლირტაოთ და შექმნათ ყოველგვარი შიშის გარეშე.
ურანი ტყუპებში და პლუტონი მერწყულში
ურანი აპრილიდან იწყებს 6.5-წლიან მოგზაურობას ტყუპებში. ეს ნიშნავს ინფორმაციის გადაცემის რევოლუციურ გზებს. ცხოვრება თითქოს “X2” სიჩქარეზე გადაირთვება. პლუტონი კი მერწყულში აგრძელებს თავის 20-წლიან ციკლს – ხელოვნური ინტელექტი და ციფრული სამყარო ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება, თუმცა მთავარი გამოწვევა ადამიანობის შენარჩუნება იქნება.
რეტროგრადული პერიოდები და დაბნელებები
2026 წელს მერკურის სამი რეტროგრადული პერიოდი გვექნება და ერთიც – ვენერასი. საინტერესოა, რომ ყველა მათგანი წყლის ნიშნებში მოხდება. ეს დაგვეხმარება წლის საერთო “ცეცხლოვანი” ენერგიის დაბალანსებაში. ეს იქნება დრო, როცა უნდა გავიაზროთ ჩვენი ემოციური საჭიროებები.
რაც შეეხება დაბნელებებს – წელს სულ 4 იქნება. ისინი ყველა სტიქიას შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომენტალურად ყველა იგრძნობს დაძაბულობას, მაგრამ ეს პროცესების დაჩქარებას ემსახურება. სამყარო გვეუბნება: “დრო აღარ იცდის, ახლა მოქმედების და დიდი ცვლილებების დროა!”
რჩევა : ნუ შეგეშინდებათ ამ პოზიტიური ცვლილებების. 2026 წელი არის შანსი, რომ ილუზიებიდან რეალურ მოქმედებებზე გადავიდეთ და საკუთარი ბედნიერება ჩვენივე ხელით ავაშენოთ.




