მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ, ნონა ქურდოვანიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის ეს პატიმრობა უსაფუძვლო.
ამაღლობელის ინტერესების დამცველი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ კი დააკმაყოფილა. ნონა ქურდოვანიძე ორივე არგუმენტის კონტრარგუმენტს ასახელებს.
· მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა;
· მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა.
ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოკითხა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა – 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს – მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა”, – წერს ქურდოვანიძე.
დღეს, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.
იურისტების პოზიციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
· მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 34 დღეა შიმშილობს.
კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს.
