ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენმა მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”.
კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად Fox news-მა გაავრცელა, რომლის თანახმად, ის კრძალავს აღიარებასა და ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ხელდასხმული პირი. აქტის მიხედვით, არაღიარების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულია ქართველი ხალხის მიმართ.
ამას გარდა, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტით” სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. კანონპროექტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” მოიპოვა “ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამაც. მათი ინფორმაციით, არაღიარების აქტი გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
“ამერიკის ხმის” თანახმად, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად კი “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ დოკუმენტში დასახელებულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები.
ეს აქტი არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკა „აქტიურად უნდა შეეწინააღმდეგოს ივანიშვილის ლიდერობით მოქმედ ხელისუფლებასთან სხვა მთავრობების ურთიერთობას და მათი მხრიდან აღიარებასა თუ ურთიერთობების ნორმალიზებასაც”.
„ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.