რას ამბობს ზარქუა აბუ-დაბიში “ხმაურიანი მოგზაურობის” შესახებ

“ქართული ოცნების” წევრი, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჰყვება აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე. ის მომხდარს “ხმაურიან მოგზაურობას” უწოდებს.
საუბარია 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარზე, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატები, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული თავს დაესხნენ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს. ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციამ დააკავა.
“თქვენ ნახეთ, ხომ, იქ, პირველ დღეს, საუზმის დროს, მცდელობა იყო, რომ პროვოკაცია მოეწყო. იქ მიიღო მისაღები. ამის შემდეგ, მეორე დღესაც, იგივე რაღაცა … თან, ეს ცოლ-ქმარი … რეჟისურა, დადგმული … რანაირად ახერხებდნენ, რომ ის მომენტები გადაეღოთ და გაევრცელებინათ?! მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და რაც ყველამ ვნახეთ, ხო?! ის პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის შედეგი და ის მოცემულობა. ეს არის და ეს. ამის შემდეგ, პროცედურა რაც იყო – საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ იქ, თქვენ იცით. შესაბამისად, გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, დამძიმებული ის ჰქონდა იმას [მუხლი] … აქედან კარნახობდნენ ეტყობა, რომ … “ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა” და დეპუტატების გარდა სხვაც მონაწილეობდაო. იქ ვიღაცა ახალგაზრდა იყო – ბევრი ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ჩასული იყო. ეტყობა, იმდენად ამოუვიდათ ხალხს ეს ყველაფერი, ეს პროვოკაციები, რომ თვითონაც მიიღო, თეფში ისროლა თუ რაღაცა და არც ვიცნობთ იმ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ, რანაირად, რაღაც და ა.შ. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე, შემდეგ, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა: მიუხედავად იმისა, რომ იქ მკაცრი კანონებია, რომ უსაფრთხოება დაირღვა და ასეთი ჩხუბი მოხდა, პოლიციამაც, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, გააანალიზა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ დადგმული. მინდა მადლობა ვუთხრა თოთოეულ უწყებას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო და ეს. ჩვენ მესამე დღეა ჩამოსულები ვართ. მანამდეც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, 80 000 დოლარი … რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. ეს მარაზმი. არაფერი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში – 10-15-ჯერ უფრო ნაკლები. იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3-4 ათას დოლარს, ჩვენ ბუნებრივია, გადავიხდით. ახლა თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ. ეს იყო და ეს”, – ასე ჰყვება ამბავს ირაკლი ზარქუა.
მან თავად აღნიშნა, რომ როგორც დეპუტატს, აქვს თმენის ვალდებულება, თუმცა განაცხადა, რომ შეურაცხყოფაზე მომავალშიც ასეთი რეაგირება ექნება, “იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ”. ზარქუამ, ასევე განაცხადა, რომ მას უკავშირდებიან მხარდამჭერები – ნაცნობები და უცნობები – და ეუბნებიან, რომ სწორად მოიქცა.
ზარქუა ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მათ ოჯახს და შვილებს. თუმცა, ამავე დროს, ირწმუნება, რომ ის არ მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით და იყო “მართული”.
რა მოხდა?
12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. ვიდეოში, რომელიც ასევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს.
„აბუ-დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ. წყნარად მივუახლოვდი, რომ მეთქვა, მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! არადა, მინდოდა მეთქვა, რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი ჩასანიშნია და ხალხი გამოსაშვებია ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა“, – დაწერა სოციალ ქსელში ლაშა გაბიტაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
კადრებში, ირაკლი ზარქუას გარდა, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და გიორგი ამილახვარი ჩანან.
კიდევ ერთ ვიდეოში, ლაშა გაბიტაშვილი აგინებს და მოღალატეს უწოდებს ირაკლი ზარქუას და ისიც გინებითვე პასუხობს.
მეორე დღეს, „ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს, რომელიც აბუ-დაბიში მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა. კადრებში, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მას საუზმისას თავს დაესხნენ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
„გამწარებულები, გაგიჟებულები მომვარდნენ საუზმის დროს. მაგას ველოდი, ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია. არავის არაფრის არ გვეშინია. არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამიშავებია. ესენი არიან მოღალატეები. შედეგებს აუცილებლად მიიღებენ. რისი უნდა მეშინოდეს? ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენ ნაცვლად სხედან. მე შემთხვევით მაქვს შესაძლებლობა, რომ გარეთ ვარ. დღეს რომ თავისუფალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ხვალ მათ ადგილას არ აღმოვჩნდები. კი მემუქრებიან ესენი, საქართველოში რომ ჩამოხვალ, იქ ნახავო. აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ეს მათი ბოლო ეტაპია. ეს გაბრაზებული, გამწარებული „ოცნებაა”, უკვე აღარაფერი შეუძლია”, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა პირდაპირ ჩართვაში.
მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილის პროფილი Facebook-ზე გაუქმდა. გავრცელდა ფოტოები, სადაც პოლიციელების მიერ ირაკლი ზარქუას გამოკითხვა ჩანს.
14 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
17 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე თავისუფალია. მან აღნიშნა, რომ “არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი”.
ამავე თემაზე:
· პატიმრობაში არ ყოფილან, დღენა-ხევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში – მდინარაძე ზარქუა-სანიკიძეზე
· არცერთი ჩანს სოცქსელში, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან – ჯაფარიძე ზარქუა-სანიკიძეზე