გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია “დევნილთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან” მიღებულია აფხაზური მხარის მოსაზრების გათვალისწინების გარეშე – ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ოდისეი ბიგვავამ, რეზოლუციის კომენტირებისას.
“ამ წელს საქართველოს ინიციატივით წარდგენილ რეზოლუციას წინააღმდეგ მისცეს ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ზიმბაბვემ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და ეკვატორული გვინეამ. ბიგვავას თქმით, ამ სიას გაცილებით მეტი ქვეყანა შეემატებოდა, რომ აფხაზეთს საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა”.
მისივე თქმით, ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ისეთმა გავლენიანმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები და „ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, რომ მრავალი ქვეყანა მზად არ არის აჰყვეს იმ აშკარა ტყუილსა და პროპაგანდას, რომელსაც საქართველო და მისი პარტნიორები ათწლეულებია თავხედურად თავს ახვევენ მსოფლიო საზოგადოებას”.
დევნილების საკითხზე საუბრისას კი ბიგვავამ დაამატა, რომ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, რომ “სწორედ საქართველომ შექმნა ამ საკითხის წარმოშობის საფუძველი, როცა დაიწყო ომი აფხაზეთის წინააღმდეგ”.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვინ მიიჩნევა ამ კატეგორიაში შემავალ პირად თბილისის თვალსაზრისით.
„ქართული მხარე საუბრობს დევნილებზე და ე.წ. იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რაც იურიდიული თვალსაზრისით საწყისშივე მცდარია. “შიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა” კატეგორია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პირების მიმართ, რომლებმაც აფხაზეთი დატოვეს და არიან ქართული ეროვნების. ქართველები დაბრუნდნენ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში და არ არიან იძულებით გადაადგილებულები – ისინი არიან რეპატრიანტები”.
