რას ამბობდა სუსი 2019 წელს ჩორჩანას საგუშაგოზე?

„ქართული ოცნება“ დღეს აცხადებს და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური უდასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეუთანხმებლად ჩადგა და ქვეყანა „ომის ზღვარზე“ მიიყვანა, თუმცა 2019 წელს სუსი ამბობდა, რომ საგუშაგო უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გაიხსნა.
2019 წლის ანგარიშში სუსი წერდა:
„2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიმართეს უკიდურესად შემაშფოთებელ და სახიფათო ქმედებებს, რამაც სერიოზულად დააზიანა უსაფრთხოების გარემო და დამატებითი პრობლემები შეუქმნა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა. აღნიშნული პროცესი დაიწყო 2019 წლის იანვრის თვეში, როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარე ტყის მასივში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ერთი კილომეტრის სიღრმეში, ყვითელი საღებავებით მონიშნეს ხეები და გაკაფეს ბილიკები უკანონო პატრულირებისთვის. უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 250 მეტრის დაშორებით, ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო იქნა განთავსებული. უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი უკანონო პროცესის ფარგლებში, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 1 კმ და 300 მეტრის სიღრმეში გზის გაჭრა და უკანონო ინსტალაციების აღმართვა. 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს აღება, ხოლო 30 აგვისტოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე — საგუშაგოს აღება და ტალკის ქარხნიდან სოფელ ჩორჩანამდე, ტყის მასივის ჩათვლით, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.“
ამასთან, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე 2019 წელს აცხადებდა, რომ მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარ პოლიციის პოსტებს და არ გააუქმებდა საგუშაგოს, რომლის ამოცანა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა იყო.
„აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება. იგი არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცველი, პირიქით, მისი ამოცანა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა,“ — ამბობდა ანთაძე.
ვახტანგ გომელაური 2019 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა სუს-ს, შს მინისტრად გადასვლის შემდეგ კი ამ პოსტზე მისივე მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.
ამ თემაზე:
გახარიას კონტრბრალდება ლილუაშვილის და გომელაურის მისამართით
წულუკიანის თქმით, სუს-მა შსს-ს მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ოსებისგან შეიტყო
რა ხდება ჩორჩანასთან? – მოკლედ და გასაგებად