დროა დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ.
„რაც ახლა საქართველოში ხდება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, რომელიც ევროპის პერიფერიაზე ხდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: არაღიარება, სანქციები და ახალი არჩევნები. არაღიარება – „ქართული კოშმარი“ ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტების თავიდან აცილება მოხდეს. სანქციები – გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ აშშ-მა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა. ახალი არჩევნები – დროა დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
რასა იუკნევიჩიენეს საპასუხოდ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს დასახმარებლად მეტია გასაკეთებელი.
„როგორ დავეხმაროთ საქართველოს? მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი პრიორიტეტების სიაში საქართველო უფრო მაღლა იქნება. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს ჩართულობისთვის მადლობას ვუხდი. თქვენს მიერ აღნიშნულ სამივე საკითხს განვიხილავთ. ეს ყველაფერი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ამას უკვე განვიხილავთ“, – აღნიშნა ევროკომისარმა.