რაჟდენ კუპრაშვილი – „ფარასთან“ დაკავშირებით არ არსებობს მოლოდინები, რომ ვინმე არ აღასრულებს, თუ სუბიექტი გადაწყვეტს, არ აღასრულოს, შესაბამისად ვიმოქმედებთ – რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩვენი მანდატი არ არის

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ბიურო საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას არ გასცემენ. მან ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ მესამე სექტორი მათ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან.
„შესაბამისი საპროცესო კოდექსი გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ სხვა ქმედითი, სამართლებრივი მოქმედებები, რომელიც ჩვენ გამოგვარკვევინებს სამართლებრივ მდგომარეობას იმ „ქეისებზე“, რაზეც წარმოებები დავიწყეთ“,-განაცხადა კუპრაშვილმა.
კითხვაზე, დაიწყება თუ არა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც ბიუროს მიმართვას არ დაეთანხმებიან, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ „ანტიკორუფციული ბიურო სისხლის სამართლის მიმართულებით დევნას არ ახორციელებს“.
„ეს კითხვა სხვა უწყებების მიმართ უნდა დასვათ. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ჩვენი მიზანია, გამოვარკვიოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტულად, საგრანტო ხელშეკრულებებს და კონკრეტული არასამთავრობო თუ იმ ფიზიკური პირების საქმიანობას, რომლებიც შეფარვით პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. როგორც იცით, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რაც ყველა სუბიექტმა უნდა დაიცვას“,- განაცხადა კუპრაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, მიმართავს თუ არა ანტიკორუფციული ბიურო სხვადასხვა უწყებას, თუ სისხლის სამართლის ნიშნებს დაინახავს, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ეს აღსრულება მიმართული არის სხვა მიზნისკენ, რაც არის გაცხადებული საარჩევნო სუბიექტების მიმართულება.
გარდა ამისა, მან „ფარას“ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, კანონი არ აღასრულოს, ანტიკორუფციული ბიურო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„ფარას“ კანონთან დაკავშირებით, ვფიქრობ ძალიან ჯანსაღად მიდის ეს პროცესი. ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ სხვა დაინტერესებულმა მხარემ მომართა ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციებისთვის. ვფიქრობთ, ამ კანონთან დაკავშირებით არ არსებობს დღეს მოლოდინები, რომ ვინმე არ აღასრულებს. თუ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, კანონი არ აღასრულოს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩვენი მანდატი არ არის გამოვიძიოთ საქმეები სისხლის სამართლის მიმართულებით. ჩვენი მანდატი არის დავადგინოთ კონკრეტული სუბიექტები, ორგანიზაციები ექვემდებარებიან თუ არა „ფარაში“ რეგისტრაციას“,-განაცხადა კუპრაშვილმა.