მისივე შეფასებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული ინვესტიციების კლება პროგნოზირებულს შეესაბამება, 2024 წლის ბოლოს არსებული ვითარების გათვალისწინებით.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7.7%-იანი კლებაა. ინვესტიციებმა უძრავი ქონების სექტორში 2024 წლის პირველი კვარტალის 19.3 მლნ დოლარიდან, 2025 წლის პირველ კვარტალში 5.9 მლნ დოლარამდე იკლო.
ნატო ბოჭორიშვილმა ინვესტიციების კლების მიზეზებსა და ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე “საქმიან დილაში” ისაუბრა.
“რეალურად, თვითონ ინვესტირების პროცესი, განსაკუთრებით უძრავი ქონების მიმართულებით, პირველ კვარტალში ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე ნაკლები აქტიურობით. ეს უკავშირდება იმ საკითხებს, რომ პირველ კვარტალიდან იწყება გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ინვესტორების მხრიდან და ეს უკვე ასახვას პოვებს შემდგომ კვარტალებში. არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტატისტიკურად თუ შევხედავთ, პირველი კვარტალი განსაკუთრებით აქტიურია, რაც ძირითადად იმას უკავშირდება, რომ იხურება წინა წელს დაწყებული აქტივობები.
პირველ კვარტალში ეს კლება მეტ ნაკლებად პროგნოზირებული იყო იმიტომ, რომ ფაქტობრივად დასასრულებელი ტრანზაქციები და პროექტები მცირე იყო გასული წლის მაჩვენებლებით. მოგეხსენებათ, გასული წელს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით მოხდა ცვლილებები ქვეყანაში, დიდი აქტივობა წლის მეორე ნახევარში ნაკლებად შეინიშნებოდა უძრავი ქონების მიმართულებით.
ჩემი აზრით, გასული ორი თვე ყველაზე უფრო აქტიური იყო უძრავი ქონების ბაზარზე. მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციისა, ზოგადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ნორმალურ მდგომარეობაშია, რაც ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველიც შეიძლება იყოს.
ასოციაციის მხრიდან რასაც ვაკვირდებით, სხვადასხვა დიდი საბროკერო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში როგორც უძრავი ქონების ჩვენი მხრიდან რეალიზაციით, ასევე მათი მხრიდან შეთავაზების კუთხით. დუბაიდან ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ატარებს შეხვედრებს როგორც საბროკერო კომპანიებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან, ქართველებმა რომ შეიძინონ უძრავი ქონება დუბაიში და ასევე, საქართველოში არსებული უძრავი ქონება რომ მათ თავიანთ ბაზარზე წარადგინონ და მოახდინონ რეალიზაცია. სწორედ ეს მცირედი მაგალითები გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ იმაზე, რომ სიტუაცია უკეთესია იანვარ-თებერვალთან და თუნდაც მარტის თვესთან შედარებით”,- ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.
მისივე შეფასებით, იმ მოცემულობაში, რომ უძრავი ქონების თვითღირებულების ყველა კომპონენტი გაძვირებულია, უძრავი ქონების ფასების კლება მოსალოდნელი არაა.
