“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროგრესირებადი მაჩვენებლები თვალსაჩინოა არა მხოლოდ კონკრეტულ ინდექსებსა და რეიტინგებში, არამედ ეს მოცემულობა დადებითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურობასა და კეთილდღეობაზე.
“ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ გაზრდილ როლს, რომელიც შუა დერეფნის კომპონენტიდან გამომდინარე ქვეყანამ აითვისა და გაიზარდა ამ კუთხით ქვეყნის გამტარუნარიანობა როგორც ენერგორესურსების, ისე – აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაადგილების თვალსაზრისით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც ქვეყანამ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ესეც მიანიშნებს ქვეყნის განვითარებაზე, პოტენციალზე და, ინვესტირების კუთხით, მას უფრო საინტერესოს ხდის. რამდენიმე წელიწადში, სრულიად რეალურად, საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე,” – აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.