რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს? – გიორგი ხიშტოვანის პროგნოზი (bm.ge)

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი წელს, საბაზო სცენარით, ეკონომიკის 2-3%-იან ზრდას ვარაუდობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
„მე პირადად, ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარად, განსხვავებით ლევან დავითაშვილისა, ავიღებდი 2-3%-იან ზრდას. ამასთან, თუ პოლიტიკური კრიზისი სწრაფად დავასრულეთ, ოპტიმისტური სცენარი შეიძლება იყოს 5%, მაგრამ ამის ნიშნებს „ქართულ ოცნებაში“ არავინ გვაძლევს; არსებობს უარყოფითი სცენარებიც ეკონომიკაში, თუ პოლიტიკური ჯგუფები, პირველ რიგში, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, სერიოზული პოლიტიკის კეთებაზე არ გადავლენ“, – განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
„მე პირადად, უფრო დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ სწორედ ინვესტიციების არჩადებით ბიზნესის მხრიდან, ახალი თანამშრომლების არაყვანით და არსებულის შესაძლო გაშვების შედეგად, ეკონომიკის ვარდნა ვარდნა უფრო შეგვეხოს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე მყისიერად ველოდოთ, რომ თებერვალ-მარტში უკვე გამოჩნდება [პრობლემები]… ეკონომიკა ასე არ ფუნქციონირებს, თუ არ იქნება მსხვილი შოკი, თუმცა ამის წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ სების პოლიტიკა უფრო პასუხისმგებლიანი არ იქნება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყნის უპასუხისმგებლოდ მართვას წერტილი უნდა დაესვას.
ამასთან, როგორც გიორგი ხიშტოვანმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, PMC კვლევითი ცენტრი, გარდა პერიოდული გამოცემებისა, აპირებს ექსპრეს-ტიპის გამოცემები დაიწყოს.
„გვსურს, პოლიტიკური კრიზისის პირობებში, უფრო რეალურ დროში შევაფასოთ კრიზისის შესაძლო ეკონომიკური გამოხატულებები, სადაც გამოვიყენებთ სხვადასხვა ცვლადს, რომელიც დაგვანახებს, რა ხდება“, – აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის პროგნოზითვე, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, პრობლემები ეკონომიკაში, შესაძლოა, მყისიერი არ იყოს.