რამდენად რთულია ხარისხობრივი თამასის დაჭერა, რატომ ჭირს ინდუსტრიული ჯაჭვის გაკეთება და სად ვართ ადამიანური რესურსების მხრივ – მოსაზრება

ხარისხიანი მეღვინეობა იწყება ნიადაგიდან, ბაზიდან და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობიდან, – ამის შესახებ “ქართველის” დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, გადაცემაში ” სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან” განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ეკონომიკური ეფექტის შექმნისთვის, საჭიროა ქვეყანამ თავად აწარმოოს ალაო და ღვინის ბოთლი. ჯიმი ჩხაიძის თქმით, უამრავი აუთვისებელი მიწაა, რომელიც ალაოსთვის ქერის მოსაყვანად გამოსადეგი იქნება და თუ კი მანამდე არავინ დაიწყებს ამის წარმოებას, თავად გააკეთებს მას.
კითხვაზე, რამდენად რთულია დღეს ხარისხობრივი თამასის შენარჩუნება, ბიზნესმენის პასუხი ასეთია:
“ხარისხიანი მეღვინეობა იწყება ნიადაგიდან, ბაზიდან და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობიდან. ყველა კომპონენტის გათვალისწინებით შეიძლება მაღალი ხარისხის მიღწევა. ეს არ არის მარტივი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მაღალი დონე დავიჭიროთ. ჩვენ გვაქვს ამპელოგრაფიული მუზეუმი, ეს არის ვაზის მუზეუმი ანუ ვაზის მრავალფეროვნება, სადაც არის წარმოდგენილი 427 სახეობამდე. აქედან, დაახლოებით 10%- ია, რასაც ვიცნობთ, დანარჩენი შესწავლის პროცესშია და ვაკეთებთ სხვადასხვა ჯიშების აღმოჩენას, ვაკვირდებით მის ფერმენტაციას, დავარგებას. ეს ძალიან კარგი პროცესია და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს. ამხელა კოლექციიდან მოკრძალებული ნაწილი ჩვენც გვაქვს, რომელსაც ვეფერებით, ვინახავთ და უძველეს ჯიშებს ვაკვირდებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს”.
კითხვაზე, რატომ გვიჭირს საქართველოში ინდუსტრიული ჯაჭვის გაკეთება, ჯიმი ჩხაიძე, ამბობს:
“მე მაქვს ჩემი მოსაზრება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 30 წლის წინ საქართველოში თუკი რამე არსებობდა, ყველაფერი დავანგრიეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ამოსაქოქია, მათ შორის ალაოს წარმოება. თუ ვინმემ არ გააკეთა, მე მაინც გავაკეთებ ამას, დარწმუნებული ვარ. ამას თავისი ეტაპები აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამის წარმოება, ეს ბევრ შესაძლებლობას მოგვცემს. ეს ლუდსაც სჭირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია მინის ქარხანა რომ გვქონდეს, ღვინის ბოთლი, ბრენდის ბოთლი, ყველაფერი შემოდის. ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, რაც ჩვენ ქვეყანას წაადგება და შემოსატანი არ გვექნება, რამხელა ეკონომიკური ეფექტი აქვს ამის შექმნას, წარმოიდგინეთ. ვფიქრობ, რომ მოვა ამის დროც. ჩვენ ნულიდან ვიწყებთ ყველაფერს. იმდენია მიწაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ალაოსთვის ქერის მოყვანისთვის. უამრავი აუთვისებელი მიწაა, რომელიც სხვა რამისთვის შეიძლება არც გამოდგეს და ამისთვის გამოსადეგი იყოს. ამას კომპლექსური მიდგომები სჭირდება.”
რაც შეეხება, ადამიანურ რესურსს, არის თუ არა ბაზარზე აგრონომების, ტექნოლოგების დეფიციტი, ბიზნესმენი პასუხობს:
“ვენახების ჩათვლით და სეზონურობიდან გამომდინარე, ავდივართ 450 დასაქმებულამდე. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი სიტუაცია ამ მიმართულებით, მაგრამ ასე თუ ისე, ინსტიტუტებში, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც დონეზე ისწავლება. როგორც ყველა სფეროში, კარგი კადრის პოვნა არ არის მარტივი, მაგრამ ასე თუ ისე, გვყავს. ჩვენ ჩვენს სტაფს უცხოეთში ვუშვებთ გადამზადებაზე და ამით ახალ-ახალ სტანდარტებს ვნერგავთ საქართველოში. იხვეწება ტექნოლოგიები მეღვინეობაში და ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ.”