კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა აფხაზეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას, რომელსაც კრემლი ღიად მხარს უჭერდა წინასაარჩევნო პერიოდში აფხაზეთში.
„დიდი მადლობა, ბატონო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ სწორედ თქვენი მხარდაჭერის წყალობით, როგორც აფხაზეთის ხალხისა, ასევე მთლიანად რესპუბლიკის მიმართ, დღეს აფხაზეთს განვითარების შესაძლებლობა აქვს და, პირველ რიგში, ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან აყალიბებს. აფხაზეთის ხალხს ახსოვს ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის აღიარებას ეხებოდა. ნება მომეცით, აფხაზეთის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ერთგული იყო ამ მხარდაჭერის. ეს ეხება როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას, რასაც აფხაზეთის ხალხი უდავოდ გრძნობს,“ – თქვა ბადრა გუნბამ შეხვედრისას აფხაზური მედიის ცნობით.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრის დროს გუნბამ რუსეთთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები წამოწია, მათ შორის აფხაზეთის ენერგომომარაგების პრობლემა. მისი თქმით, “რუსეთის პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერის შედეგად, რესპუბლიკა ამ მიმართულებით დახმარებას იღებს”.
„გასული წლის ბოლოს აფხაზეთმა ელექტროენერგიის დეფიციტის გამო იძულებული გახდა, დღეში 11 საათამდე გრაფიკით გამოერთო ელექტროენერგია. თქვენი მხარდაჭერის წყალობით, დროებით მოვახერხეთ ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა, ახლა მივადექით იმ ეტაპს, როცა ჰუმანიტარული გზით მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა ფაქტობრივად ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით მსურს, მოგმართოთ მხარდაჭერისთვის, რათა ენერგოდეფიციტის საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს, სულ მცირე, აპრილის შუა რიცხვებამდე,“ – განაცხადა ბადრა გუნბამ.
„კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ,“ – უპასუხა ვლადიმირ პუტინმა.
გარდა ამისა, როგორც აფხაზური მედია წერს, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის – კერძოდ, აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის – მინიჭების პროცესის დაწყებაზე ისაუბრეს.
„შეთანხმების ძირითადი პროცედურები უკვე გავლილია და ის ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ არის რატიფიცირებული. ახლა საჭიროა ისეთი მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს ორმაგი მოქალაქეობის – კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის – მინიჭების პროცესის დაწყებას აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. თქვენ იცით, რომ თქვენი მხარდაჭერის წყალობით, მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლეს, და თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ გვსურს, რომ ასეთი პროგრამა კვლავ განხორციელდეს,“ – განაცხადა ბადრა გუნბამ.
პუტინი დაპირდა გუნბას, რომ პროგრამა გაგრძელდება.
„ის, პრინციპში, უკვე მომზადებულია და ჩვენ გავაგრძელებთ მის განხორციელებას. შესაბამის მითითებებს მივცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც თქვენთან ერთად დეტალებს კიდევ ერთხელ განიხილავენ და, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტებენ, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ,“ – განაცხადა პუტინმა.
