რად ღირს კანონი, რომელსაც ეკონომიკური ზარალი მოაქვს და ცივილიზებული სამყარო ეწინააღმდეგება?! – ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ აპრილამდე ტურისტული სექტორი დაახლოებით 25%-იანი ნამატით მუშაობდა, თუმცა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა დადებითი ტენდენცია შეაჩერა. როგორც მან BM.GE-ის განუცხადა, ჯავშნების დიდი რაოდენობა გაუქმებულია.
“გვინდა გვჯეროდეს, რომ წელს იქნება დადებითი ტენდენცია. აპრილამდე 20-25%-მდე ნამატით მუშაობდა სექტორი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებამ აგორებული დადებითი ტალღა შეაჩერა. ჯავშნების დიდი რაოდენობა გაუქმებულია და ახალი ჯავშნების მიღება ვერ ხერხდება. აპრილის ბოლოდან დღემდე არის გაუქმების ტენდენცია. ივნისის ჯავშნების მიღება ხდება ამ პერიოდში და ახლა ეს პროცესი შეჩერებულია. რად ღირს კანონი, რომელსაც ეკონომიკური ზარალი მოაქვს, კანონი, რომელსაც საზოგადოება და ცივილიზებული სამყარო ეწინააღმდეგება?!”, – აღნიშნავს ალავერდაშვილი.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია წელს რეკორდულ ნიშნულზე იქნება. ტურიზმიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა მიიღოს $4 მილიარდზე მეტი”.

ასევე დაგაინტერესებთ