„რადიო თავისუფლება“ – ევროპული საბჭო დოკუმენტის პროექტში, რომლის განხილვა დეკემბერში მოხდება, საქართველოს მოუწოდებს, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს

საქართველომ ნეგატიური ტენდენცია უნდა შეცვალოს და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს, – „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში წერია, რომელიც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოიპოვა და რომლის განხილვაც ევროკავშირში დეკემბრის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დოკუმენტის პროექტი ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის შედგენილი და გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიად რჩება.
როგორც მედიასაშუალება წერს, დოკუმენტში ევროპული საბჭო თბილისს მოუწოდებს, ევროკავშირის ფასეულობების მიმართ მკაფიო ერთგულება აჩვენოს, რეფორმები გააგრძელოს და ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
„დოკუმენტში ევროპული საბჭო ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და „თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი“, – წერს „რადიო თავისუფლება“.
მათივე ცნობით, ევროპული საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საბჭოს “ძლიერი მოლოდინი“ გააჩნია, საქართველო არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და “შემზღუდველ ზომებთან,” სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისობაში.
“[ევროპული საბჭო] საქართველოს მოუწოდებს, პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის,“ – ნათქვამია დოკუმენტში.