რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, ასეთი ტონით და რიტორიკით ისაუბრონ – ოხანაშვილი

სამწუხაროდ, მომსწრე ვართ ცალკეული ოპოზიციონერი, რადიკალი ოპოზიციონერების გამოსვლების, რომლებიც ცდილობდნენ შეურაცხყოფის მიყენებას არა მხოლოდ რომელიმე კანდიდატისთვის ან კოლეგისთვის, არამედ ზოგადად ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს საზოგადოებას,- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების გამოსვლისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ალიანსში მყოფ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, საზოგადოების წინაშე ასეთი რიტორიკით ისაუბრონ.
„ჩვენ ვისმენდით მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებს, რომლებიც ორიენტირებული იყო კონკრეტულ პრიორიტეტებზე, უწყების შიგნით განსახორციელებელ შესაბამის ხედვებზე, იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც თითოეული კანდიდატი გეგმავს თავის უწყებაში. სამწუხაროდ, მომსწრე ვართ ცალკეული ოპოზიციონერი, რადიკალი ოპოზიციონერების გამოსვლების, რომლებიც ცდილობდნენ შეურაცხყოფის მიყენებას არა მხოლოდ რომელიმე კანდიდატისთვის ან კოლეგისთვის, არამედ ზოგადად ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, ამ ადამიანებს, მით უმეტეს, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ალიანსში მყოფ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, ჩვენი საზოგადოების წინაშე ასეთი ტონით, შეურაცხყოფით და ასეთი რიტორიკით ისაუბრონ. ეს ხალხი ითხოვდა პირდაპირ ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას და საბრძოლო მოქმედებაში ჩვენი ქვეყნის ჩართვას. არ გამოუვიდათ და ამაზე იყო მკვეთრი რეაქცია. ეს რეაქცია სრულად იყო და არის თავსებადი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომებთან. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია, ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას. ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ აწარმოეს კამპანია. ეს ხალხი პირდაპირ ჰიბრიდული საფრთხის მატარებელია თავიანთი გამონათქვამებით. ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რადიკალი ჯგუფები და ამ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ასეთი ტონით, აჟიტირებით საუბრობდნენ, ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ამის შემდგომ მათ აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენს ქვეყანას დაეწესებინა სანქციები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, რომ ეკონომიკური განვითარება არ იყოს ქვეყანაში. ეკონომიკური განვითარება თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელისუფლების ბრალი. შესაბამისად, აქაც მათ სურთ ეკონომიკური კოლაფსი. ამიტომ ერთადერთი, რაც ამოძრავებთ, არის ხელისუფლებაში მოსვლა და მათი პარტიული ინტერესი. ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ გამოსვლებზე შეგექმნებოდათ წარმოდგენა, თითქოს ეს იყო რომელიმე ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელიც ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი. როგორ შეიძლება, იყო ქვეყნის მოქალაქე, გქონდეს სამშობლოს განცდა და შენს ქვეყანას მოიხსენიებდე, თითქოს ეს არის ჩამორჩენილი სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ამ რეალობაში გვიწევს მუშაობა, საქმიანი შეკითხვების ნაცვლად, მათ ეს სცადეს და ამიტომ თითოეულ ასეთ მცდელობას ექნება ყოველთვის ადეკვატური და სამართლიანი პასუხი, რეაქცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, როგორც უმრავლესობიდან, ისე საპარლამენტო ოპოზიციიდან, ვინც დასვა შეკითხვები კორექტულობის ფარგლებში და რეგლამენტის დაცვით.
„ეს არის საპარლამენტო მუშაობის შემადგენელი ნაწილი. ვინც რეგლამენტს არ დაიცავს, მას მოუწევს რეგლამენტის მეშვეობითვე პასუხისმგებლობის აღება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.